ახალი ამბები

სახალხო დამცველს 26 მაისის მოვლენების დროს დაკარგულ პირებზე ინფორმაცია არ აქვს

სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ მას ამ ეტაპზე არ გააჩნია კონკრეტული ინფორმაცია 26 მაისის მოვლენების დროს დაკარგულ პირთა შესახებ.

პარლამენტში საანგარიშო მოხსენებით გამოსვლის შემდეგ დეპუტატების კითხვების საპასუხოდ ტუღუშმა განაცხადა, რომ ყველა ის პირი, რომლის გაუჩინარების შესახებ ოჯახებმა ან ახლობლებმა მიმართეს 21–29 მაისის პერიოდში სახალხო დამცველის აპარატს, მონიტორინგის ჯგუფმა "აღმოაჩინა დროებითი მოთავსების იზოლატორებში მთელი საქართველოს მასშტაბით“.

მისი თქმით, ეს პირები ფიგურირებენ დაპატიმრებული 162 მომიტინგის სიაში, რომელიც მისმა აპარატმა 28 მაისს გამოაქვეყნა.

“მას შემდეგ სახალხო დამცველისთვის არ მიუმართავთ, რომ იძებნება კონკრეტული პირი, რომელიც 26 მაისის შემდეგ გაუჩინარდა,“– განაცხადა ტუღუშმა.

"ასე რომ, მე მოკლებული ვარ შესაძლებლობას კონკრეტულად ვისაუბრო დაკარგულ და გაუჩინარებულ პირებზე იქიდან გამომდინარე, რომ მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ფაქტიურად ასეთი პირები ან არ არსებობენ ან არსებობენ, თუმცა რატომღაც გადაიფიქრეს სახალხო დამცველისთვის ეს ეცნობებინათ,“– განაცხადა მან.

27 მაისს სახალხო დამცველმა აქციის დაშლასთან დაკავშირებით გაკეთებულ პირველ განცხადებაში აღნიშნა, რომ “რამდენიმე ათეული პირის ადგილსამყოფელი“ უცნობი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 მაისს განაცხადა, რომ ის არცერთ მოქალაქეს დაკარგულად არ განიხილავდა იმის გამო, რომ სამინისტროში არცერთი განცხადება იმ ეტაპისთვის შესული არ იყო.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button