ახალი ამბები

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს

საქართველოს და აზერბაიჯანს ორმხრივ ურთიერთობებში "არავითარი პრობლემები“ არ აქვთ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 13 ივნისს, თბილისში თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ელმარ მამედიაროვთან შეხვედრის შემდეგ.

"საქართველო და აზერბაიჯანი, რომლებიც სტრატეგიული პარტნიორები არიან, ცდილობენ ჩვენი, ისედაც ძალიან წინ წასული, მყარ ფუნდამენტზე დაფუძნებული ურთიერთობები გადავიყვანოთ ახალ საფეხურზე,“ – განაცხადა მან თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც 13–14 ივნისს ორდღიანი ვიზიტით საქართველოს სტუმრობს, განაცხადა, რომ "ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგში სულ უფრო და უფრო ნაკლები სადავო საკითხია“ და დასძინა, რომ ორ ქვეყანას მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ყველა სფეროში.

ვიზიტის ფარგლებში ელმარ მამედიაროვი ასევე შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს; დაგეგმილია მისი შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილთან.

საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ჯერ კიდევ შესათანხმებელია საზღვრის დემარკაციის საკითხი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ  სააგენტოს "ახალი ამბები– საქართველო“ აპრილში განუცხადა, რომ ორმა მეზობელმა ჯერ ერთობლივი საზღვრის მხოლოდ 66% შეათანხმა. მან ასევე განაცხადა, რომ ეს "რთული და შრომატევადი" პროცესია და რაიმე უცაბედი გარღვევა არ მიმართულებით მოსალოდნელი არ იყო. თუმცა, ჯალაღანიამ ხაზი გაუსვა, რომ ორივე მხრიდან არსებობდა პოლიტიკური ნება ამ საკითხის გადასაწყვეტად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button