ახალი ამბები

ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი რუსეთში ვიზიტისას საქართველოზე საუბარს გეგმავს

ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ იგი საქართველოს საკითხს დააყენებს რუსეთის ხელმძღვანელობასთან იმ შემთხვევაში, თუ წელს რუსეთს ეწვევა. 

8 მაისს თემთა პალატაში გამოსვლისას ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ „აუცილებლად მკაფიოდ დავაფიქსირებ ჩემს შეხედულებებს საქართველოს საკითხზე იმ შემთხვევაში, თუ ვეწვევი და როდესაც ვეწვევი რუსეთს წელს მოგვიანებით“.

მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ლეიბორისტმა დეპუტატმა გიზელა სტუარტმა ჰკითხა მას, შეახსენებს თუ არა ის "რუსეთს 2008 წელს აღებული ვალდებულების შესახებ, რომ გაიყვანოს თავისი ჯარები და შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია“.

"რა თქმა უნდა, გავაკეთებ ამას,“ – უპასუხა კამერონმა, "მე კარგად მახსოვს ჩემი ჩასვლა თბილისში, როდესაც ქართველები რუსების მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ, და მათთან ერთად დადგომა, იმის აღიარებასთან ერთად, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც უნდა, რომ იყოს დემოკრატიული; მას უნდა რომ წარმატებული ეკონომიკა ჰქონდეს; მას უნდა ნატოში გაწევრიანდეს; მას უნდა, რომ ჰქონდეს შესაძლებლობა გაიხედოს დასავლეთით და ასევე აღმოსავლეთით; და ასევე სურს, რომ კარგი ურთიერთობები ჰქონდეს თავის მეზობელთან“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ამჟამად ლონდონში იმყოფება; იგი უკვე შეხვდა თემთა პალატის თავმჯდომარეს ჯონ ბერქოუს.

ლონდონში რუსეთის საელჩომ მაისის ბოლოს განაცხადა, რომ კამერონი რუსეთს სექტემბრის დასაწყისში ეწვევა – ეს 2006 წლის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრის პირველი ვიზიტი იქნება რუსეთში.

  

This post is also available in: English Русский

Back to top button