ახალი ამბები

საქართველო რუსეთს: „შეწყვიტეთ სახელმწიფოს დაფინანსებით წარმართული ტერორისტული კამპანია“

ქართული მხარე იძულებული გახდება გადახედოს საკუთარ დამოკიდებულებას ჟენევის მოლაპარაკებებისადმი, თუ რუსეთი განაგრძობს "სახელმწიფოს დაფინანსებით წარმართულ ტერორისტულ კამპანიას“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის მოლაპარაკებების მე–16 რაუნდის შემდეგ.

"ტერორისტებთან  მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ და მათ პირობებს არ თანხმდებიან,“ – ნათქვამია 8 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში, "ქართული მხარე არ აპირებს არც ჟენევაში და არც ნებისმიერ სხვა ადგილას უსაფრთხოების ან ჰუმანიტარული ხასიათის საკითხების განხილვას რუსეთთან, მაშინ როდესაც მოსკოვი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმების დაგეგმვასა და განხორციელებას“. 

"ორგანიზებული ტერორისტული კამპანიის გაგრძელების შემთხვევაში, ქართული მხარე იძულებული გახდება, გადახედოს საკუთარ დამოკიდებულებას ჟენევის მოლაპარაკებებისადმი. იმავე მიდგომით, ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების ყველა დონეზე მოხდეს ტერორისტული ქმედებების საკითხის დასმა,“ – ნათქვამია განცხადებაში.   

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ივნისში ტერორისტული აქტის მოწყობის ორი მცდელობა აღკვეთა, რომელთა დამკვეთებიც აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მომუშავე რუსი ოფიცრები იყვნენ. საქართველოს საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ „არსებობს უტყუარი მტკიცებულება იმის, რომ ყველა ტერორისტული ქმედების დაგეგმვა და განხორციელება ხდებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის, ე.წ. FSB-სა და დაზვერვის მთავარი სამმართველოს, ე.წ. „გრუ"-ს წარმომადგენლების მიერ, რომელთა ვინაობაც დადგენილია".

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა მე–16 რაუნდის შემდეგ, რომ საქართველოს ბრალდებები, რომ სავარაუდო ტერორისტული აქტების უკან რუსული სპეცსამსახურის წარმომადგენლები დგანან, "საინფორმაციო–პროპაგანდისტულ მუშაობაში“ თბილისის "ვარჯიშის“ ნაწილია. მან ასევე განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს  ბრალდებების მიზეზი ის „შიდა პოლიტიკური სირთულეებია, რომელსაც თბილისის ამჟამინდელი რეჟიმი აწყდება“. მისი თქმით, ეს "ანტი–რუსული განწყობების საკმაოდ პროვოკაციულ საფუძველზე საზოგადოების კონსოლიდაციის მცდელობა“ იყო.

"[თბილისი] ცდილობს ვითარება ისე წარმოაჩინოს, თითქოს რუსეთია დამნაშავე ყველა უბედურებაში, როგორც საგარეო ისე შიდა საკითხებში,“ – განაცხადა კარასინმა.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button