
Amnesty International-ი პოლიციის ძალადობის შესახებ ბრალდებების გამოძიებას ითხოვს
Amnesty International-მა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გამოიძიოს ცუდი მოპყრობისა და პოლიციის ძალადობის ყველა ბრალდება, რომელიც უკავშირდება 26 მაისის აქციის დაშლას და მის შემდგომ პერიოდს.
უფლებადამცველმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მას აქვს ინფორმაცია რამდენიმე დაშავებული პოლიციელის და ერთი პოლიციელის გარდაცვალების შესახებ, ასევე "უამრავი და სანდო ინფორმაცია იმ ძალადობის შესახებ, რომელიც მომიტინგეებმა ჩაიდინეს“.
"მაგრამ ის [Amnesty International] შეშფოთებულია იმის გამო, რომ ამგვარი ბრალდებები არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიციის ოფიცრების მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული კანონის და საერთაშორისო სტანდარტების იგნორირების საბაბად,“ – განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ 1 ივნისს.
Amnesty International–მა ასევე მოუწოდა ხელისუფლებას უზრუნველყოს დაკავებულთა უფლებების დაცვა და მათთვის სამართლიანი და გამჭირვალე სასამართლო პროცესების ჩატარება.
იგი მიესალმა იმ ფაქტს, რომ შსს–მ ბოდიში მოუხადა ყველა იმ ჟურნალისტს, რომლებმაც აქციის დაშლის დროს სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს ან ხელი შეეშალათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.
"თუმცა, Amnesty International–ი სინანულს გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოდიშის მოხდა მხოლოდ ჟურნალისტებს შეეხოთ და არ ეხებოდა იმ დარღვევებს, რომელთაც მიტინგში მონაწილეთა წინააღმდეგ ჰქონდა ადგილი,“ – ნათქვამია უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაში.
პარლამენტის წინ, 26 მაისს ერთი პოლიციელი და სულ ცოტა სამი მომიტინგე გარდაიცვალა სპეცრაზმის მიერ აქციის წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებით და ცრემლსადენის გაზით დაშლისას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, გარდაცვალების არც ერთი ფაქტი არ უკავშირდება სპეცრაზმის ქმედებებს.
სამინისტროს თქმით, პოლიციელი და ერთი მომიტინგე საპროტესტო აქციიდან გამოსული მანქანების სწრაფად მიმავალმა კოლონამ გაიტანა. პოლიციის თქმით, აქციის მთავარი ორგანიზატორის, ნინო ბურჯანაძის კოლონამ მას შემდეგ დატოვა საპროტესტო აქციის ადგილი, რაც სპეცრაზმმა შუაღამის შემდეგ აქციის დაშლა დაიწყო.
ოფიციალური ვერსიის თანახმად, კიდევ ორი მომიტინგის გარდაცვალების მიზეზი ელექტროსადენებთან მათი შეხება გახდა. ორივე მათგანი, შსს–ის განცხადებით, თავისუფლების მეტროსთან მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე აღმოაჩინეს, იმ ტერიტორიის სიახლოვეს, სადაც სპეცრაზმმა მომიტინგეები დაარბია.
თუმცა, სულ ცოტა ერთი მომიტინგის, ნიკა კვინტრაძის გარდაცვალების გარემოება, რომელიც შსს–ის თქმით, ელექტროსადენების შეხების შედეგად გარდაიცვალა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც კვინტრაძის მეგობარმა განაცხადა, რომ ნიკა კვინტრაძე პოლიციამ აქციის დაშლის დროს დააკავა; იგი ასევე აცხადებს, რომ საპროტესტო აქციის ადგილას გადაღებულ ფოტოზე ამოიცნო თავისი მეგობარი, სადაც ხელებშეკრული კვინტრაძე სხვა დაპატიმრებულ მომიტინგეებთან ერთად მიწაზე წევს. მართალია მისი სახე არ ჩანს, კვინტრაძის მეგობარი აცხადებს, რომ იგი ტანსაცმლით ამოიცნო.
თუმცა, მისი ამ განცხადების შემდეგ, ტელეკომპანია "რუსთავი 2“–მა დღისით გადაღებული კადრები გაავრცელა, სადაც ნიკა კვინტრაძე და მისი მეგობარი პარლამენტის წინ აქციაზე დგანან. ტელეკომპანიის თქმით, ჩანაწერი 25 მაისს გაკეთდა, სადაც კვინტრაძეს ფოტოზე აღბეჭდილი მამაკაცისგან განსხვავებული მაისური აცვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მართალია კვინტრაძის და მასთან ერთად ნაპოვნი მეორე მომიტინგის გარდაცვალების გარემოებების გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ სასამართლო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გარდაცვალება ელექტროსადენებთან შეხებამ გამოიწვია.
This post is also available in: English Русский