skip to content
ახალი ამბები

სახალხო დამცველი 162 დაკავებულის სიას აქვეყნებს

(განახლება – სახალხო დამცველის მიერ დაპატიმრებილ პირთა სიის გამოქვეყნებიდან ორ დღეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 30 მაისს, რომ შსს–ს მიერ გამოქვეყნებულ დაპატიმრებულ მომიტინტეთა სიაში და სახალხო დამცველის მიერ 28 მაისს გამოქვეყნებულ სიაში სხვაობა იმ ფაქტითაა გამოწვეული, რომ ამ უკანასკნელის სიაში არა მხოლოდ ის მომიტინგეები შედიან, რომლებიც 26 მაისის აქციის დაშლის შედეგად დააპატიმრეს, არამედ ის აქტივისტებიც, რომლებიც აქციის დაშლამდე დააკავეს, გარდა ამისა ის 24 პირი, რომლებიც ყინწვისში დააპატიმრეს).

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შაბათს თავის ვებ–გვერდზე პოლიციის მიერ 26 მაისს საპროტესტო აქციის დარბევის დროს დაკავებული მომიტინგეების სია გამოაქვეყნა.

სიაში 162 პირია შესული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 მაისს დაკავებულთა საკუთარი სია გამოაქვეყნა, რომელშიც 105 ადამიანი ფიგურირებდა.

სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ სია მას შემდეგ შედგა, რაც მისმა მონიტორინგის ჯგუფებმა 26-28 მაისს სხვადასხვა რეგიონებში არსებული დროებითი მოთავსების იზოლატორები მოინახულეს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტმა თბილისის, რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, კასპის, მცხეთის, თელავის, სიღნაღის, ყვარლის, ზესტაფონის, სამტრედიის, ბაღდათის, ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში განახორციელა მონიტორინგი.

სიის ძირითადი ნაწილი 27 მაისს მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შედგა; კასპის და მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან ინფორმაცია (სულ 17 დაკავებული) 26 მაისით თარიღდება.

”მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ დაკავებულთა უმრავლესობას მეტ–ნაკლებად სერიოზული ხასიათის დაზიანებები აღენიშნება,” – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

”დაკავებულები ზეპირ საუბარში აცხადებენ, რომ დაზიანებები მიღებული აქვთ როგორც აქციის დაშლისას, ისე დაკავების შემდგომ, თუმცა ბევრმა მათგანმა უარი განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის ამ ეტაპზე ახსნა–განმარტების მიცემაზე,” – განაცხადა სახალხო დამცველის აპარატმა.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ სიაში სულ ცოტა რვა ის მომიტინგეა შესული, რომლებიც დაკარგულ ათეულობით  პირს შორის მოიაზრებოდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button