ახალი ამბები

გორდონი: რუსეთის სამხედრო ყოფნა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში პრობლემაა

რუსეთის სამხედრო ყოფნა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, რაც "სრულად გამჭირვალე არ არის, პრობლემას წარმოადგენს“ და ამან შესაძლოა ისეთი ტიპის ინციდენტები გამოიწვიოს, როგორიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან 18 მაისს მოხდა, რა დროსაც საქართველოს ორი მოქალაქე დაიჭრა, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა.

18 მაისს აშშ–ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ამ ინციდენტის სპეციფიკაზე არ გაამახვილებს ყურადღებას, ვინაიდან მის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გააჩნია.

„დღეს [18 მაისს] მომხდარი ინციდენტი სწორედ იმ ტიპისაა, რომელიც ხაზს უსვამს, თუ რატომ ვართ შეშფოთებული საქართველოში მოუგვარებელი სიტუაციის გამო,“ – განაცხადა მან.

გორდონმა აღნიშნა, რომ სეპარატისტულ რეგიონებში სიტუაციის გაკონტროლების მიზნით საერთაშორისო წარმომადგენლობის არარსებობა ასევე პრობლემას წარმოადგენს. მისი თქმით, მაშინ, როდესაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დახმარებით ნათელია, თუ რა ხდება საქართველოს „არასადავო“ ნაწილში, საერთაშორისო თანამეგობრობას „მწირი ინფორმაცია“ აქვს სეპარატისტულ  რეგიონებში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

მან ასევე განაცხადა, რომ „გარკვეული პროგრესი“ იქნა მიღწეული ჟენევის მოლაპარაკებებზე და მაგალითად მხარეებს შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მიმდინარე შეხვედრები დაასახელა.

თუმცა, ასევე აღნიშნა, რომ „გარკვეული პროგრესი“ საკმარისი არ არის. „ნამდვილად გვინდა, რომ რუსეთმა სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა პუნქტი და შემდეგ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უფრო ფართო და ფუნდამენტალური საკითხების მოგვარება დაიწყოს“.

მის განცხადებას წინ უძღოდა დემოკრატი სენატორის ჯინ შაჰინის შეკითხვა 18 მაისს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი ინციდენტის თაობაზე. ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელ სენატორთან, ლინდსი გრემთან ერთად, სენატში იმ რეზოლუციის პროექტის ინიცირება მოახდინა, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს "რუსეთის მიერ ოკუპირებულ“ რეგიონებად აღიარებს.

თავის გამოსვლაში ფილიპ გორდონმა ასევე განაცხადა, რომ აშშ–ის ძალისხმევა საქართველოს მოუგვარებელი კონფლიქტების მიმართულებით „აქამდე არ ყოფილა ისეთი ნაყოფიერი, როგორსაც ვისურვებდით. მაგრამ ჩვენ განვაგრძობთ ამაზე მუშაობას“.

სენატის ქვეკომიტეტის სხდომისთვის მომზადებულ წერილობით განცხადებაში გორდონმა აღნიშნა, რომ აშშ–ის მიზანია ითანამშრომლოს რუსეთთან "იქ, სადაც საერთო ინტერესები გვაქვს, თუმცა არა ჩვენი პრინციპების ან ჩვენი მეგობრების ხარჯზე“.

„რაც შეეხება იმას, სადაც ჩვენ წუხილები გაგვაჩნია, როგორიცაა რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება ან საქართველო, ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ ჩვენ წუხილებზე საუბარს მთავრობასთან და ხელს შევუწყობთ კონტაქტებს სამოქალაქო საზოგადოებასთან,“ – განაცხადა გორდონმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button