ახალი ამბები

ლიტვის პრეზიდენტი: დემოკრატიული რეფორმები განაპირობებს საქართველოს პროგრესს

ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ქართველ კოლეგასთან,
მიხეილ სააკაშვილთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტის 
სასახლეში, 3 მაისი. ფოტო: ლიტვის პრეზიდენტის ვებ–გვერდიდან.

საქართველოს შემდგომ პროგრესს განაპირობებს ის, თუ რამდენად სწრაფად შეასრულებს ქვეყანა თავის საშინაო დავალებას დემოკრატიული რეფორმების კუთხით, განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ.

იგი სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში 3–4 მაისს სამუშაო ვიზიტით საქართველოს სტუმრობს.

ლიტვის პრეზიდენტი 3 მაისს თბილისში თავის ქართველ კოლეგას, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ეს უკვე მათი მეხუთე შეხვედრაა.

"ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში, და ასევე ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. საქართველოს პრეზიდენტთან საუბრისას მე ხაზი გავუსვი იმას, რომ ლიტვა უჭერდა და კვლავ დაუჭერს მხარს ქართველ ერს და სურვილი აქვს თავისი გამოცდილება გაუზიაროს მას,“ – იტყობინება გრიბაუსკაიტეს პრესსამსახური მის სიტყვებზე დაყრდნობით.

"მე ასევე აღვნიშნე, რომ საქართველოზეა დამოკიდებული, როგორ სწრაფად შეძლებს ის თავისი საშინაო დავალების შესრულებას პრესის თავისუფლების, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის, ინსტიტუციური რეფორმების და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, და ეს საქართველოს მომავალ პროგრესს განაპირობებს,“ – განაცხადა მან.

ლიტვის პრეზიდენტი, რომლის ქვეყანაც ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარეა, მიესალმა ძალის არგამოყენების თაობაზე საქართველოს ცალმხრივ პირობას.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ორ პრეზიდენტს შორის „საუბრის ძირითადი თემა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ასევე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია" და ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობა იყო. 

"შეხვედრისას, ხაზგასმით აღინიშნა ეუთოს მისიის დაბრუნების აუცილებლობა,“ – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button