ფრანკოფონიის ელჩების ჯგუფი შეიქმნა
საქართველოში საფრანგეთის, პოლონეთის და რუმინეთის ელჩებმა თბილისში მომუშავე ფრანკოფონიის ელჩების ჯგუფის ჩამოყალიბების შესახებ გააკეთეს განცხადება, რომლის მიზანიც ქვეყნის მასშტაბით „ფრანკოფონიური საზოგადოების წარმოჩენის გაძლიერება“ იქნება.
"ამ მიზნით, ოთხი ფრანგულად მოსაუბრე ელჩი მხარს უჭერს და ორგანიზებას უკეთებს კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს (როგორიცაა ‘les semaines de la francophonie’), უზიარებს და ავრცელებს ინფორმაციას მსოფლიოს ფრანკოფონიურ ნაწილში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ახლო ურთიერთობებს ამყარებს საქართველოს ფრანგულად მოსაუბრე საზოგადოებასთან, ასევე ხელს უწყობს განათლებას და ფრანგულად მოსაუბრე ხალხის ცენტრების შექმნას როგორც სკოლებში, ისე უნივერსიტეტებში,“ – ნათქვამია დიპლომატების ჯგუფის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ჯგუფი შეიძლება გაფართოვდეს და მასში თბილისში მყოფი ის ელჩებიც შევიდნენ, რომლებიც ან ფრანკოფონიის წევრ სახელმწიფოს წარმოადგენენ, ან დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობენ, როგორიცაა სომხეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთის რესპუბლიკა, საქართველო, საბერძნეთი, უნგრეთი და უკრაინა.
"ფრანკოფონიის ელჩების ჯგუფის ხელშეწყობის ინიციატივა ფრანკოფონიის XIII სამიტზე მიღებულ მონტროს დეკლარაციაშიც არის დადასტურებული. სამიტი 2010 წლის 23–24 დეკემბერს შვეიცარიაში გაიმართა; საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმ 38 სახელმწიფო მეთაურთა შორის იყო, რომელთაც სამიტში მიიღეს მონაწილეობა,“ – ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)