
მოსკოვი ნატო–საქართველოს კომისიის ერთობლივ განცხადებას აკრიტიკებს
რუსეთის საგარეო უწყება სინანულს გამოთქვამს ნატო–საქართველოს კომისიის ერთობლივ განცხადებაში ასახული "ტენდენციური“ ფორმულირებების გამო, რაც უკავშირდება რუსეთის მიმართ მოწოდებებს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.
19 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ მოსკოვმა შეასრულა ამ შეთანხმების "ერთადერთი სადავო საკითხი“, როცა გასულ ოქტომბერს სოფელ პერევიდან ომის შემდეგ განთავსებული საგუშაგო გაიყვანა.
“რიტუალური შელოცვის მორიგი გამეორება რუსეთის მიერ თავისი ვალდებულებების თითქოსდა შეუსრულებლობის თაობაზე ცრუ სიგნალებს აგზავნის და სინანულს იმსახურებს,“– ნათქვამია განცხადებაში.
15 აპრილს, ბერლინში გამართული ნატოს–საქართველოს კომისიის ერთობლივ განცხადებაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ადასტურებენ რა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერას, ასევე მოუწოდებენ რუსეთს უკან წაიღოს სეპარატისტული რეგიონების აღიარების გადაწყვეტილება.
“სინანულით აღვნიშნავთ, რომ დოკუმენტში შესულია ჩვეული კრებული ტენდენციური, რეალობიდან მოწყვეტილი ფორმულირებების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე,“– ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
“უმჯობესი იქნებოდა, თუ ნატოს პარტნიორები განაწყობდნენ საქართველოს ხელისუფლებას კონსტრუქციული მიდგომისკენ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხების მიმართ,“– აცხადებს სამინისტრო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)