ახალი ამბები

საქართველომ ახალი 500-მილიონიანი ევროობლიგაციები გამოუშვა

საქართველოს მთავრობამ 12 აპრილს განაცხადა, რომ 500 მილიონი აშშ დოლარის 10–წლიანი ევროობლიგაციები განათავსა, რომლის საპროცენტო განაკვეთიც 7.125% იქნება.

ახალი ობლიგაციების განთავსების პარალელურად, საქართველომ 2008 წლის აპრილში გამოშვებული, ხუთწლიანი 500-მილიონიანი ევროობლიგაციის 83.4%, ანუ დაახლოებით, 417 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციები გამოისყიდა. 2008 წელს გამოშვებული ობლიგაციების გადახდა საქართველოს 2013 წელს უწევდა.

პირველად მთავრობამ განცხადება იმის შესახებ, რომ  2008 წლის ევროობლიგაციების რეფინანსირების მიზნით ახალი ვალის აღებას აპირებდა, მარტში გააკეთა.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს მიერ გამოშვებულ ახალ ევროობლიგაციებს ”B+” რეიტინგი მიანიჭა. Fitch-ის რეიტინგების შკალაზე ”B+” ნიშნავს, რომ გარემო რისკის შემცველია, მაგრამ მსესხებელს ამ კონკრეტულ მომენტში შესწევს უნარი არსებულ ფინანსურ ვალდებულებებთან გამკლავება, თუმცა მისი ეს შესაძლებლობა მომავალში დიდად არის დამოკიდებული ზოგადად ეკონომიკური გარემოს ცვალებადობაზე.

მარტში Fitch Ratings–მა საქართველოს გრძელვადიანი უცხოური და ადგილობრივი ვალუტის ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი ”B+”-ზე დაუტოვა, ხოლო ქვეყნის პერსპექტივა სტაბილურობიდან პოზიტიურამდე აწია.
 
12 აპრილს გავრცელებულ პრეს–რელიზში Fitch Ratings–მა განაცხადა, რომ ევროობლიგაციების დაფარვის ვადის 2021 წლამდე გახანგრძლივება საქართველოსთვის ”ხელსაყრელია.”

Fitch Ratings–ის მონაცემებით, 2008 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების გამოსყიდვამდე, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის მოსალოდნელი მომსახურეობის თანხები მკვეთრად გაიზრდებოდა 2011 წლის 126 მილიონი აშშ დოლარიდან 294 მილიონ აშშ დოლარამდე 2012 წლისთვის, ხოლო 947 მილიონ აშშ დოლარამდე 2013–თვის; ამ თანხებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის ვალდებულებებიც შედის.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button