skip to content
ახალი ამბები

რუსეთში საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

რუსულმა სპეცსამსახურებმა რუსეთის მოქალაქეები დედა–შვილი ალიევები დააკავეს საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილების სახით, იტყობინება "ინტერფაქსი“ 14 იანვარს.

რუსეთის ფედერალური უშიშროების ბიუროს წარმომადგენლის ინფორმაციით, სამხრეთის სამხედრო ოლქის ერთ–ერთი დანაყოფის უფროსი ლეიტენანტი დავით ალიევი "ქართული სპეცსამსახურების დავალებით ოლქის ჯარებზე საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა“. დაკავებულია ასევე მისი დედა, ირინა ალიევა, რომელიც "შვილის მიერ შეგროვებული ცნობების საქართველოში გატანას აპირებდა“.

დაკავებულებს ბრალი წაუყენეს ჯაშუშობის ფორმით სახელმწიფო ღალატში.

გასული ორი წლის განმავლობაში რუსეთმა ამავე ბრალდებით სულ ცოტა ექვსი პირი გაასამართლა.

2010 წლის მარტში რუსეთის სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო საქართველოს ერთი და რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, ცნობებს აგროვებდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ სამხედრო ობიექტებზე.

2009 წლის დეკემბერში კი ჩრდილოეთ ოსეთის სასამართლომ ქართული წარმომავლობის რუსეთის მოქალაქე თბილისის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ცნო დამნაშავედ და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2009 წლის ოქტომბერში რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეს ჯემალ ნაკაიძეს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო, ხოლო აგვისტოში ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ერთ-ერთი რუსული ნაწილის მეთაურის მოადგილეს მიხეილ ხაჩიძეს 6-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button