
შსს–ს ცნობით, 11 პირია დაკავებული ვეტერანთა აქციის დაშლისას
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 11 პირი იქნა დაკავებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 3 იანვარს, გმირთა მოედანზე მოშიმშილე ვეტერანების აქციის დაშლისას.
შსს–ის ცნობით, აქციაზე გაშლილი ჰქონდათ თვითნაკეთი კარავი.
“აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ ადგილზე გამოცხადებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას კარვის აღების თაობაზე, გაუწიეს მათ ფიზიკური წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა,“– ნათქვამია სამინისტროს მიერ 4 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ დაკავებულთაგან ორ პირს ალკოჰოლური სიმთვრალე დაუდგინდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია დღეს იმსჯელებს „დაკავებულთათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე“, აცხადებს შსს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დაგმო პოლიციის მიერ "უფლებამოსილების გადამეტებით“ მოშიმშილე ვეტერანთა აქციის დაშლის ფაქტი და განაცხადა, რომ სამართალდამცავებს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდათ ამ ქმედებისთვის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)