
მოშიმშილე ვეტერანების აქცია პოლიციამ დაშალა
3 იანვარს პოლიციამ გმირთა მოედანზე მოშიმშილე ომის ვეტერანების აქცია დაშალა ადგილზე მყოფებს და სამართალდამცავებს შორის შეხლა–შემოხლის ფონზე, რასაც გავრცელებული ინფორმაციით, რამოდენიმე პირის დაკავება მოჰყვა.
პოლიციას მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე ყოფილი თავდაცვის მინისტრი გია ყარყარაშვილი.
აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილე ომის ვეტერანები 27 დეკემბრიდან შიმშილობის აქციას მართავდნენ მძიმე სოციალური პირობებისა და იმ "ღირსების შემლახავი" დამოკიდებულების გამო, რომელსაც, მათი თქმით, ხელისუფლება ვეტერანების მიმართ იჩენს.
აქცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალის წინ მიმდინარეობდა. ვეტერანები ხელისუფლების ყურადღების მისაქცევად დაწყებული შიმშილობის აქციის შეწყვეტას კვირის ბოლოსთვის გეგმავდნენ.
აქციის დაშლის შემდეგ გმირთა მოედანზე პრეზიდენტ სააკაშვილის ესკორტმა ჩაიარა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)