skip to content
ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.5%–ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 24 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 7.5%–ზე დატოვების შესახებ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა მზარდი ინფლაციის ფონზე.

ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 9.6% შეადგინა (9.8% სექტემბერში), თუმცა ეროვნული ბანკის საპროგნოზო მაჩვენებელი 6%–ს შეადგენდა.

ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა 12 ნოემბერს, რომ მთავრობას მოუწია საპროგნოზო მაჩვენებლის გადახედვა და მისი გაზრდა 6%–დან 9%–მდე, რაც, მისი თქმით, გარეშე ფაქტორებმა, ძირითადად კი საკვებზე ფასების ზრდამ განაპირობა.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი სექტემბერში 6.5%–დან 7%–მდე, ხოლო ოქტომბერში 7.5%–მდე გაზარდა. განაკვეთი 2009 წლის ნოემბრის ბოლოდან 5%–ის ნიშნულზე იყო შენარჩუნებული და ივნისში  6.25%–მდე გაიზარდა, ხოლო ივლისში – 6.5%–მდე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button