
სააკაშვილი გადასახადების რეფერენდუმით ზრდის მნიშვნელობაზე საუბრობს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისაუბრა საკონსტიტუციო კანონპროექტის იმ ნორმის მნიშვნელობაზე, რომელიც გადასახადების ზრდას ან ახალი სახეობების შემოღებას რეფერენდუმის გზით ითვალისწინებს.
აღნიშნული ნორმის მეორე მოსმენით მიღება პარლამენტმა შემდგომი კონსულტაციების გამართვის მოტივით გადადო.
"ეს იქნება კონსტიტუციის ნორმა – ახალი კანონის თანახმად, გადასახადების შეცვლა შეუძლია მხოლოდ რეფერენდუმს,“– განაცხადა სააკაშვილმა.
"თხუთმეტწლიანი ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ კონსტიტუციურად, არის დაკანონებული და ვერც ერთი შემდგომი მთავრობა ამას ვერ შეცვლის, იმიტომ რომ ამას დასჭირდება ძალიან მაღალი ქვორუმი და ძალიან მაღალი ვალდებულება; და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გეგმავს თავის მოგებას და წარმატებას,“– აღნიშნა მან.
პრეზიდენტმა ეს განცხადება ქობულეთში გააკეთა, სადაც თავისუფალ ტურისტული ზონის ფარგლებში 12 ახალი სასტუმროს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.
ინვესტორებს, რომლებიც სულ ცოტა მილიონ ლარს დააბანდებენ სასტუმროს მშენებლობაში, მიწა სიმბოლურ 1 ლარად გადაეცათ და ისინი 15 წლის განმავლობაში თავისუფლები იქნებიან მოგების და ქონების გადასახადისაგან.
"ჩვენ რასაც ვამბობთ ის კეთდება, დაპირება სრულდება,“– განაცხადა სააკაშვილმა ტურისტულ ზონაზე საუბრისას.
This post is also available in: English Русский