skip to content
ახალი ამბები

ლათინური ამერიკის ექვსი ქვეყნის დიპლომატი საქართველოს სტუმრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს ლათინური ამერიკის ექვსი ქვეყნის დიპლომატი მიიღო, რომლებიც საქართველოს 8–13 ნოემბერს სტუმრობენ.

დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან გაეროში არგენტინის, პარაგვაისა და სურინამის მუდმივი წარმომადგენლები, პერუსა და ბრაზილიის მუდმივი წარმომადგენლების მოადგილეები და ასევე ჰონდურასის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დირექტორი, საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრემიერ–მინისტრთან გამართავს ასევე შეხვედრებს. 

გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დელეგაციის ჩამოყვანის მიზანი იყო იმ „წარმატებული“ რეფორმების გაცნობა, რაც საქართველოში მიმდინარეობს; მისი თქმით, განხილვის "მთავარი თემები იყო ის, რაზეც ამ დელეგაციის ხელმძღვანელებს მუდმივად უწევთ მსჯელობა [გაეროში], ეს არის: საქართველო რუსეთის ურთიერთობა, დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების ბედი და მათი უფლებების დაცვა, რეგიონალური მდგომარეობა“.

საქართველოს საგარეო უწყების თანახმად, მინისტრმა ელჩებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია "ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის მიმართულებით საქართველოს ჩართულობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც ითვალისწინებს დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნას რეგიონში და პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას რეგიონის ქვეყნებთან".

პრეზიდენტი სააკაშვილი მაისში კოსტა–რიკას, ხოლო აგვისტოში კოლუმბიას სტუმრობდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ნალბანდოვი კი აპრილში ბოლივიასა და ეკვადორში იმყოფებოდა.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა ლათინური ამერიკის ოთხ ქვეყანასთან – დომინიკის რესპუბლიკასთან, პარაგვაისთან, პერუსთან და სენტ–ლუსიასთან.

თბილისში აცხადებენ, რომ რეგიონი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არ აღიარების პოლიტიკის განმტკიცების კუთხით.

ნიკარაგუა იყო რუსეთის შემდეგ პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები 2008 წლის სექტემბერში; ერთი წლის თავზე კი ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ვენესუელამაც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button