
ევროპარლამენტი საქართველოსთან სავიზო, რეადმისიის ხელშეკრულებებს ნოემბერში უყრის კენჭს
ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების და რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებებს ნოემბერში ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი.
მანამდე კი, ევროპარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ხელშეკრულებებს 26 ოქტომბერს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა კომიტეტმა დაუჭირა მხარი.
ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ შეთანხმება, რომელსაც საქართველომ და ევროკავშირმა ივნისში მოაწერეს ხელი, ითვალისწინებს ხანგრძლივი პერიოდის მრავალჯერადი ვიზების გაცემას გარკვეული კატეგორიის პირებისათვის, მათ შორის ბიზნესმენებისთვის, ჟურნალისტებისთვის და საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახის წევრები ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრობენ. შეთანხმების თანახმად, სავიზო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული საკონსულო მოსაკრებელი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის 60 ევროდან 35 ევრომდე შემცირდება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მოსაკრებლის საერთოდ გაუქმებას გარკვეული კატეგორიისთვის, როგორიცაა ბავშვები, პირები, რომელთა ოჯახის წევრები ევროკავშირში ცხოვრობენ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. შეთანხმება ასევე ათავისუფლებს დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებს სავიზო ვალდებულებისგან.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეთანხმების მხარეებს წარმოადგენენ საქართველო და ევროკავშირის სახელმწიფოები, გარდა დანიისა და გაერთიანებული სამეფოსი. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ცნობით, რეადმისიის ხელშეკრულება კი მოიცავს ევროკავშირის სახელმწიფოებს, გარდა ირლანდიისა და დანიისა, გაერთიანებულმა სამეფომ კი ამ ეტაპზე გამოთქვა სურვილი შეთანხმების მხარე იყოს.
რეადმისიის შესახებ ხელშეკრულება განსაზღვრავს ვალდებულებებსა და პროცედურებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ხელშეკრულების ხელმომწერი მესამე ქვეყნების მიმართ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და როდის უნდა მოხდეს იმ ადამიანების უკან დაბრუნება, ვინც არალეგალურად ცხოვრობენ მხარეთა ტერიტორიებზე.
ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ შეთანხმება ძალაში შევა რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებასთან ერთად მისი ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებიდან ერთი თვის შემდეგ.
This post is also available in: English Русский