ახალი ამბები

ვაშაძე ირანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ნიუ–იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში თავის ირანელ კოლეგას მანუჩარ მოთაქის შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრა ერთ-ერთი იყო იმ შეხვედრებს შორის, რომლებიც ვაშაძემ რამოდენიმე კოლეგასთან გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართა.

ირანული საინფორმაციო სააგენტო "ირნა“ იტყობინება. რომ ორმა მინისტრმა ორმხრივ ურთიერთობებსა და ორ ქვეყანას შორის დაგეგმილი უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებაზე იმსჯელეს. სააგენტოს ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველმა კოლეგამ თბილისში დაპატიჟა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა რამინ მეჰმან-ფარასტმა მაისში საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში ივნისში იგეგმებოდა; თუმცა, ეს ვიზიტი მაშინ არ შედგა.

როგორც საქართველოს მთავრობის ყოველკვირეულ, ინგლისურენოვან ელექტრონულ გამოცემაშია მითითებული, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში ვიზიტი 3-4 ნოემბერს იგეგმება.

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ვაშაძე ასევე შეხვდა თავის კოლეგებს სომხეთიდან, კუბიდან, ბულგარეთიდან, ესტონეთიდან, ურუგვაიდან, სენეგალიდან, ეთიოპიიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან, ხოლო მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი თავის პანამელ და ჩილელ კოლეგებს შეხვდა, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება

ნიუ–იორკში ასევე გაიმართა სუამის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.  

 

 

 

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button