
სააკაშვილი ნიუ–იორკში დონალდ ტრამპს შეხვდა
პრეზიდენტი სააკაშვილი 21 სექტემბერს ნიუ–იორკში ამერიკელ ბიზნესმენს დონალდ ტრამპს შეხვდა და საქართველოში ამერიკელი მილიარდელის მიერ დაგეგმილი ინვესტიციების საკითხი განიხილა.
სააკაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, Trump Organization-თან ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის თანახმადაც საქართველოში Trump Tower აშენდება.
ამავე ინფორმაციით, მშენებლობისთვის კონკრეტული ადგილი ჯერ-ჯერობით შერჩეული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, პროექტი, სახელწოდებით "საქანელა", თბილისში, ბათუმში ან ბობოყვათში განხორციელდება.
პირველად დონალდ ტრამპს სააკაშვილი 2010 წლის აპრილში შეხვდა და საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები განიხილა.
შედეგად ივლისში განხორციელდა დონალდ ტრამპის კომპანიის ვიცეპრეზიდენტის მაიკლ კოენის ვიზიტი საქართველოში. იგი თბილისსა და ბათუმში პროექტების შესაძლო განხორციელების ადგილებს ესტუმრა. ვიზიტის ორგანიზატორი Silk Road Group-ი იყო.
Silk Road Group-ი, ქართული კონგლომერატი, რომელსაც ბიზნეს ინტერესები გააჩნია ტრანსპორტირების, ტელეკომუნიკაციების, საბანკო და უძრავი ქონების სფეროებში, Trump Organization-ის ადგილობრივი პარტნიორი იქნება საქართველოში.
სააკაშვილი ნიუ–იორკს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სტუმრობს.
20 სექტემბერს იგი სიტყვით გამოვიდა სამდღიან სამიტზე, რომელიც ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელებას მიეძღვნა. მან განუცხადა მონაწილეებს, რომ დახმარების პროგრამები ადგილობრივ პირობებს უნდა მოერგოს და მიმღებს საშუალება უნდა მიეცეს თავად განსაზღვროს დახმარების პრიორიტეტები, რათა დახმარება უფრო ეფექტური გახდეს. თავის გამოსვლაში, მან ასევე ისაუბრა ბოლო ექვსი წლის მანძილზე სიღარიბის შემცირებაზე საქართველოში, როგორც მან აღნიშნა, 42%–დან 18%–მდე, ასევე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას დაეხმაროს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სახელმწიფო სატრატეგიის განხორციელებაში.
21 სექტემბერს პრეზიდენტი სააკაშვილი NASDAQ-ის სააქციო ბირჟას ესტუმრა და სამუშაო დღის დახურვაში სიმბოლური მონაწილეობა მიიღო.
This post is also available in: Русский