ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7%–მდე გაზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 15 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7%–მდე გაზარდა არსებული 6.5%–დან ინფლაციის არსებული დინამიკის ფონზე.

“საქსტატის“ მონაცემებით, აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფლაციამ 9,5% შეადგინა, რაც ბოლო 24 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 15 სექტემბრის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ "ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი“ გარე ფაქტორებით არის განპირობებული, კერძოდ მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდის ტენდენციით და "მასზე მონეტარული პოლიტიკის გავლენა შეზღუდულია“.

“თუმცა საბაზო ინფლაციის დინამიკა ინფლაციური მოლოდინის მატებაზე მიუთითებს, რის გამოც მიზანშეწონილია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება,“– ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გასულ თვეში უცვლელად 6.5%–ზე დატოვა. ივნისში კი განაკვეთი, რომელიც მანამდე 2009 წლის ნოემბრიდან 5%–ის ნიშნულზე იყო შენარჩუნებული, 6.25%–მდე გაზარდა, ხოლო ივლისში – 6.5%–მდე.

 

Back to top button