
პარლამენტი კონსტიტუციური ცვლილებების განხილვას ვენეციის კომისიის დელეგაციის ვიზიტის შემდეგ დაიწყებს
პარლამენტი ახალ საკონსტიტუციო მოდელს პლენარულ სხდომაზე განსახილველად მას შემდეგ გაიტანს, რაც ვენეციის კომისიის დელეგაცია პროექტთან დაკავშირებით საბოლოო რეკომენდაციებს გააცნობს საქართველოს ხელისუფლებას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ 13 სექტემბერს ბიუროს სხდომაზე.
ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია საბოლოო დასკვნას საქართველოში დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით 15–16 სექტემბრის სხდომაზე მიიღებს, რის შემდეგაც 16–17 სექტემბერს შედგება ვენეციის კომისიის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში.
ბაქრაძის ინფორმაციით, იმავდროულად, იგეგმება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული კომიტეტის გასვლითი სხდომა თბილისში.
“ორივე ამ ღონისძიებაზე ერთ–ერთი ძირითადი ადგილი ეკავება სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას, ამიტომ ჩემი პოზიცია და ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ პარლამენტმა არ დაიწყოს პლენარულ სხდომაზე ოფიციალური მსჯელობა, სანამ კიდევ ერთხელ არ მოვუსმენთ და სანამ კიდევ ერთხელ არ ვნახავთ როგორია ჩვენი ევროპელი პარტნიორების პოზიცია,“– განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თავმჯდომარეობით 13 სექტემბერს კონსტიტუციაში ცვლილებათა პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შეიკრიბება და შემაჯამებელ სხდომაზე იმ წინადადებებს განიხილავს, რომლებიც პროექტთან დაკავშირებით ივლისის ბოლოდან დაწყებულ შეხვედრებზე გამოიკვეთა.
(იხილეთ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების ძირითადი პოსტულატები ამ ბმულზე; ვენეციის კომისიის მიერ პროექტთან დაკავშირებით მომზადებული წინასწარი მოსაზრებები კი ამ ბმულზე).