ახალი ამბები

თბილისი დევნილების შესახებ რეზოლუციისთვის გაეროს წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი ოფიციალური ვიზიტით ნიუ–იორკში იმყოფება, სადაც საქართველოს მიერ ინიცირებული გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტის  – “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ” – მხარდაჭერის მოპოვების მიზნით შეხვედრებს მართავს.

ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 17 აგვისტოს დაიწყო და 30 აგვისტომდე გაგრძელდება, იაკობაშვილი ასევე გეგმავს საქართველოს ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას, იტყობინება რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 25 აგვისტოს.

რუსეთმა უკვე გააკრიტიკა რეზოლუციის პროექტი როგორც საქართველოს "არაკონსტრუქციული“ ნაბიჯები, რამაც 27 ივლისს ჟენევაში გამართული დისკუსიების ბოლო რაუნდზე შექმნილ “ატმოსფეროზე უარყოფითად იმოქმედა“.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მსგავსი რეზოლუციები ორჯერ უკვე მიიღო, ბოლო ორი წლის განმავლობაში. საქართველო ცდილობს გაეროს იმ წევრი სახელმწიფოების რაოდენობის გაზრდას, რომლებიც რეზოლუციას დაუჭერენ მხარს.

გენერალურმა ასამბლეამ 2008 წლის მაისშიც მიიღო მსგავსი რეზოლუცია 14 ხმით 11 წინააღმდეგ, 105-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუცია აღიარებდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა და ასევე მათი შთამომავლების, მიუხედავად ეთნიკურობისა“, დაბრუნების უფლებას სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

2009 წლის რეზოლუციას, რომელიც ასევე აღიარებდა იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნების უფლებას ორივე სეპარატისტულ რეგიონში, 48 ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 19–მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 78–მა თავი შეიკავა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ნიუ–იორკში თემურ იაკობაშვილმა შეხვედრები გამართა აფრიკული კავშირის წარმომადგენლებთან; CARICOM-ის (კარიბეთის 15 ქვეყნის თანამეგობრობა) წარმომადგენლებთან; და ასევე ANDEAN-ის (პერუ, კოლუმბია, ბოლივია, ეკვადორი) და წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button