ახალი ამბები

ქართული და რუსული ავიაკომპანიები თბილისი–მოსკოვის მიმართულებით ფრენებს განახორციელებენ

ქართული ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” და რუსული „S7 ეარლაინსი“ (იგივე „სიბირი“) თბილისსა და მოსკოვს შორის არარეგულარულ მრავალჯერად რეისებს განახორციელებენ.

კომპანიებს შესაბამისი ნებართვები საქართველოსა და რუსეთის სატრანსპორტო ადმინისტრაციებმა მისცეს პარიტეტული პრინციპზე დაყრდნობით.

კერძოდ, "ჯორჯიან ეარვეისი" ფრენებს 20 აგვისტოდან ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შეასრულებს, ხოლო 23 აგვისტოდან რუსული ავიაკომპანია განახორციელებს რეისებს ორშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათობით.

როგორც ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციაში Civil.ge-ს განუმარტეს, მრავალჯერადი ჩარტერული რეისები ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება.

„S7 ეარლაინსის“ ვებ–გვერდის ცნობით, ავიაკომპანია მზადაა განიხილოს ქუთაისსა და ბათუმში რეისების დანიშვნის  შესაძლებლობაც „"ქვეყნებს შორის საჰაერო კავშირის სრული მასშტაბით აღდგენის შემთხვევაში“. ავიაკომპანია ამ ქალაქების მიმართულებითაც ასრულებდა ავიარეისებს 2008 წლის აგვისტოს ომამდე, ვიდრე ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდებოდა.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები თავდაპირველად 2006 წლის ოქტომბერში შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა ორ ქვეყანას შორის  ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალი. ფრენები 2008 წლის მარტში აღდგა, თუმცა მალევე ისევ შეწყდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ.

2009 წელს სადღესასწაულო დღეებში, კერძოდ იანვარში, აპრილსა და მაის–ივნისში “ჯორჯიან ეარვეისმა” რამოდენიმე პირდაპირი ჩარტერული რეისი განახორციელა თბილისი–მოსკოვის მარშრუტზე.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button