skip to content
ახალი ამბები

სახალხო დამცველი სამოქალაქო აქტივისტის ცემის ფაქტზე პროკურატურას რეაგირებას თხოვს

სახალხო დამცველის აპარატი მიმართავს მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას რეაგირება მოახდინოს პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ სამოქალაქო აქტივისტის ირაკლი კაკაბაძის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ არსებულ მასალებზე, რომელშიც „სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება“. 

პოლიციამ, მწერალი და პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე სხვა მონაწილეებთან ერთად 14 აგვისტოს, ჯორჯ ბუშის ქუჩაზე მიმდინარე აქციის დროს დააკავა.  აქციის მონაწილეები ქუჩისთვის სახელის გადარქმევას და მისთვის ამერიკელი პოეტის უოლტ უიტმენის სახელის მინიჭებას ითხოვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, კაკაბაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც აქციაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოჩენის შემდეგ, მან წაიკითხა ლექსი ‘ძაღლებზე’.

სახალხო დამცველის აპარატი იტყობინება კაკაბაძის ახსნა–განმარტების თანახმად, რომ დაკავების შემდეგ აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ რა დროსაც მათთან მივიდნენ თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი გიორგი გეგეჩკორი და მისი მოადგილე, რომლებმაც  კაკაბაძეს „სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“.

“ირაკლი კაკაბაძეს აღენიშნება დაზიანებები მარჯვენა მხრისა და მკლავის არეში. დაზიანებების არსებობის ფაქტი ასევე დასტურდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი დაკავების იზოლატორის დაკავებულის გარეგანი დათვალიერების ოქმით,“ – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ეს მასალები უკვე გადაეგზავნა პროკურატურას შემდგომი რეაგირებისათვის. 

სასამართლომ კაკაბაძე და კიდევ ორი დაკავებული ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების შემდეგ გაათავისუფლა. მათ ბრალი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებოდათ, რასაც აქციის მონაწილეები უარყოფდნენ. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, რომ ენახათ დაკავების ვიდეო კადრები, სადაც წინააღმდეგობის გაწევა არ ჩანს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button