ახალი ამბები

სააკაშვილი: ”4 წელიწადში ყველა სკოლის მოსწავლე გახდება ინგლისურენოვანი”

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ დაგეგმილი ”საგანმანათლებლო რევოლუციის” ფარგლებში ყველა სკოლის მოსწავლეს საქართველოში ეცოდინება ინგლისური ენა.

მან ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პროგრამა – რომლის ფარგლებშიც 2010-2011 სასწავლო წლისათვის 1000 უცხოელი მოხალისეს ჩამოყვანა იგეგმება, რომელთა მშობლიური სასაუბრო ენაც ინგლისურია და რომლებიც სკოლებში ინგლისური ენის მასწავლებლებად იმუშავებენ – დავით აღმაშენებლის მიერ ყივჩაღების გადმოსახლებას შეადარა.

”როგორც თავის დროზე დავით აღმაშენებელმა ჩამოიყვანა 50 000 ყივჩაღი და საქართველოს სახელმწიფოს მოდერნიზაციამ მიიღო შეუქცევადი ხასიათი, ზუსტად ამ მასშტაბის მოვლენაა შემდეგი 3 წლის განმავლობაში 10 ათასი ინგლისურის მასწავლებლის ჩამოყვანა მთელი საქართველოს მასშტაბით – იმ საქართველოსი, რომელსაც საქართველოს მთავრობა დღეს აკონტროლებს,” – განაცხადა სააკაშვილმა ბათუმში, ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პროგრამის მონაწილეებთან შეხვედრისას.

”თუ აღმაშენებლის დროს კონკურენტუნარიანობა იზომებოდა, ძირითადად, სამხედრო კრიტერიუმებით, დღეს სამხედრო არის ერთ-ერთი, მაგრამ მთავარი კრიტერიუმი არის განათლება,” – განაცხადა მან.

”ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ საქართველოში, რასაც გავაკეთებთ შემდეგი წლების განმავლობაში, ეს არის ნამდვილი საგანმანათლებლო რევოლუცია და მსგავსი არაფერი გაუკეთებია არც ერთ პოსტ-საბჭოთა ქვეყანას.”

”ჩვენ შემდეგი 4 წლის განმავლობაში მივაღწევთ იმას, რომ ყველა ქართველი ბავშვი, სკოლის ასაკის, 5 წლის და უფრო უფროსი, გახდება ინგლისურენოვანი. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართულის შემდეგ მათი მეორე ენა იქნება ინგლისური. ამას მოყვება ის, რომ შემდგომ ეტაპებზე, გათვალისწინებით დღევანდელი მოთხოვნების, მათი შემდგომი ენები იქნება ჩინური, რეგიონის გათვალისწინებით არაბული და თურქული, რუსული, მაგრამ პირველი, მთავარი, მინიმალური მოთხოვნა ეს არის, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვი, 5 წელზე უფროსი ასაკის და 16 წლის ჩათვლით, შემდგომ რამოდენიმე წელიწადში იქნება ინგლისურენოვანი და კომპიუტერის სრული მფლობელი.”

”ეს მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველო ყველაზე უფრო წინ წავიდეს და ყველაზე უფრო დიდი ნახტომი გააკეთოს შემდგომი ათწლეულების განმავლობაში მთელ ამ პოსტ-საბჭოთა სივრცეზე და ეს არის ყველაზე დიდი წვლილი, რომელსაც ჩვენ შევიტანთ ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებაში.”

”მე მიმაჩნია, რომ ყივჩაღების შემდეგ ასეთი დიდი გარღვევა საქართველოს არ ექნება, თუ ამას სწორად გავაკეთებთ,” – განაცხადა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button