ახალი ამბები

ცხინვალი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას აკრიტიკებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ შენიღბოს ქართველი ძალოვანების მიერ ჩადენილი დანაშაულები, განაცხადა ბორის ჩოჩიევმა, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში.

“მათი მისია მდგომარეობს იმაში, რომ შენიღბონ და დაფარონ საერთაშორისო თანამეგობრობისგან ყველა დანაშაული, რომელსაც ჩადიან ქართული ძალოვანი სტრუქტურები,“– იტყობინება 10 აგვისტოს სეპარატისტული ხელისუფლების ოფიციალური ვებ–გვერდი ჩოჩიევის სიტყვებზე დაყრდნობით.

“თუ ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ სამხრეთ ოსეთს ჰქონდეს ნდობა დამკვირვებლების მიმართ და ჩვენ მათთან ვთანამშრომლობდეთ, საჭიროა სრულად შეიცვალონ პოზიცია სამხრეთ ოსეთისადმი და ასევე შეცვალონ მისიის ხელმძღვანელი [ჰანსიორგ ჰაბერი],“– განაცხადა ჩოჩიევმა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ჰანსიორგ ჰაბერის სტატიის კომენტირებისას, რომელიც აგვისტოს ომიდან ორი წლის თავზე მისიის მიერ გაწეულ სამუშაოს ეხებოდა, ჩოჩიევმა განაცხადა, რომ ვითარების სტაბილიზაციაში ევროპელი დამკვირვებლების წვლილი ნულის ტოლია. 

“ეს იმის შედეგია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და ხალხმა დაიწყო გააზრება, რომ სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოა. თუმცა ისინი ამაზე არ ლაპარაკობენ,“– აღნიშნა ჩოჩიევმა. 

მისი შეფასებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილი გახდა. 

“როცა ჩვენ მათ [დამკვირვებლებს] მივმართავთ ამა თუ იმ პროვოკაციისა თუ დარღვევის შემდეგ, ჩვენი ფაქტები მათ მიერ არასოდეს დასტურდება,“– აცხადებს ჩოჩიევი და დასძენს: "ისინი ყველა ჩვენ წინააღმდეგ არიან“.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button