ახალი ამბები

სააკაშვილი: ”ჩვენი ამოცანა ბრძოლის ბოლომდე მიყვანაა”

აგვისტოს ომიდან ორი წლის თავზე საქართველოს ბრძოლა სრული განთავისუფლებისთვის ყოველდღიურად გრძელდება, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოკლე სატელევიზიო მიმართვაში, რომელიც მისი კოლუმბიაში ვიზიტისას გაკეთდა და რომელიც 7 აგვისტოს გადაიცა.

რუსეთმა 2008 წლის აგვისტომდე ბევრად ადრე დაიწყო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და ”არ ღირს ამოგლეჯილად რომელიმე თარიღის განხილვა”, განაცხადა მან.

”და ეს აგრესია დღემდე არ არის შენელებული, დღემდე არ არის დამთავრებული. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ უკანასკნელი ოკუპანტი არ დატოვებს საქართველოს მიწას, სანამ არ აღდგება სამართლიანობა ასობით ათასი სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ თავისი სახლები,” – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მოუხდა იარაღით ხელში ”ქვეყნის, ღირსების, თავისუფლების და მომავლის დაცვა”.

”ამგვარად, თუნდაც ამ ბიჭების ხსოვნის წინაშე თითოეული ჩვენგანი ვალდებულია ყოველდღიურად აწარმოოს ეს ბრძოლა; აწარმოოს ბრძოლა ქვეყნის შიგნით ქვეყნის გაძლიერების კუთხით და მათ შორის მთელ მსოფლიოში, ყველგან დავიცვათ ჩვენი პოზიციები,” – განაცხადა მან.

”ჩვენი დღევანდელი თაობის ისტორიული ამოცანაა ამ ბრძოლის ბოლომდე მიყვანა და საქართველოს განთავისუფლება და ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ და გავანთავისუფლებთ და ფეხზე დავაყენებთ ჩვენს ქვეყანას,” – დასძინა სააკაშვილმა. 

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა გაზეთ ”24 საათთან” ინტერვიუში, რომელიც 7 აგვისტოს გამოქვეყნდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა დიპლომატიურ ფრონტზე აგვისტოს ომის შემდეგ იყო ის, რომ ”რუსეთის მცდელობა, ეს რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებულიყვნენ, უშედეგო გამოდგა”.

”დღეს ნათელია, რომ ამის საპასუხო მცდელობა უფრო ეფექტურია: სიტუაცია ისე შეტრიალდა, რომ თუ თავიდან დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე იყო საუბარი, ახლა ლაპარაკობენ მათ აღიარებაზე, ოღონდ – ოკუპირებულ ტერიტორიებად,” – განაცხადა იაკობაშვილმა.

”მიმაჩნია, რომ ეს არის რუსეთის დიპლომატიისთვის კრახი, ჩვენთვის კი რეალური შესაძლებლობა ტერიტორიების დაბრუნებისთვის, ქართულ სამართლებრივ სივრცეში მათი რეინტეგრაციისთვის და ამ ხალხის საქართველოში დაბრუნებისთვის,” – განაცხადა მან.

”ომმა ის გამოაჩინა, რაც ადრე მკაფიოდ არ იყო გამოხატული – ჩვენი ძირითადი პრობლემა აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობა არ არის. მართლა აფხაზებთან და ოსებთან ხომ არ გვაქვს რამე გასაყოფი… ჩვენი მთავარი პრობლემაა საქართველო-რუსეთის ურთიერთობა. რუსეთი სეპარატისტებს და სეპარატიზმს ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ იყენებს,” – დასძინა იაკობაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button