Amnesty International–ის ანგარიში დევნილებზე
გარკვეული პროგრესის მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი საქართველოში, რათა იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის 6%–ს შეადგენენ, უზრუნველყოფილი იყვნენ შესაფერისი საცხოვრებელი პირობებით, დასაქმებით და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობით, ნათქვამია Amnesty International–ის ანგარიშში, რომელიც 5 აგვისტოს გამოქვეყნდა.
43–გვერდიანი ანგარიში მიესალმება ხელისუფლების მიერ დევნილთა უფლებების დასაცავად სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბებისკენ მიმართულ მცდელობებს და აღნიშნავს ხელისუფლების მიერ დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს; თუმცა, ანგარიშში ნათქვამია, რომ კვლავ შეშფოთების საგანია ცუდი საცხოვრებელი პირობები ბევრ კოლექტიურ ცენტრში, ასევე შეშფოთების საგანს დევნილი მოსახლეობის არასაკმარისი ინტეგრაცია და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს.
“საქართველოს მთავრობამ განახორციელა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მაგრამ საცხოვრებელი პირობების შექმნასთან ერთად უნდა გადაწყდეს სამედიცინო მომსახურების, დასაქმების და შემოსავლის შესაძლებლობის საკითხები. ეს არის ერთადერთი გზა ათობით ათასი მოქალაქის სრული ინტეგრაციისკენ, რომლებიც ჯერ კიდევ გაურკვევლობაში იმყოფებიან”, – განაცხადა Amnesty International-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორმა ნიკოლა დაქვორთმა.
“იძულებით გადაადგილებულებს უფრო მეტი ჭირდებათ, ვიდრე მხოლოდ ჭერი. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მათთვის დასაქმება და ჯანდაცვისა და შეღავათების ხელმისაწვდომობა. იძულებით გადაადგილებული პირები უნდა იყვნენ ჩართული იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც მათ უფლებებს და მომავალს შეეხება და უნდა შეეძლოთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება,” – განაცხადა მან.
საქართველოში ბოლო 20 წლის მანძილზე მომხდარმა კონფლიქტებმა იძულებით გადაადგილების ”უკიდურესად რთული სურათი“ შექმნა, რომლის სტატისტიკური მონაცემები ხშირად უზუსტო და საკამათოა, ნათქვამია Amnesty International-ის ანგარიშში – "მოსაცდელ ოთახში: იძულებით გადაადგილებული პირები საქართველოში“.
ანგარიში საქართველოში მცხოვრებ დევნილებს სამ პირობით ჯგუფად ყოფს.
ყველაზე დიდი ჯგუფი დაახლოებით 222 000 ადამიანისგან შედგება, რომელთაც "ძველი დევნილების“ სახელით მოიხსენიებენ და რომელთა იძულებით გადაადგილებაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 90–იანი წლების დასაწყისში მომხდარი კონფლიქტების შედეგად მოხდა. აქედან 40 000 უკან დაბრუნდა გალის რაიონში, თუმცა თბილისი მათ ისევ დევნილებად მიიჩნევს, რადგანაც მათ დაბრუნებას არაორგანიზებული ხასიათი ქონდა და ისინი გალში უსაფრთხოების გარანტიების გარეშე იმყოფებიან.
”ძველ დევნილთა” უმეტესობა ნათესავებთან, ან ნაქირავებ, ან შეძენილ ბინებში ცხოვრობს, ხოლო დაახლოებით 42% კოლექტიურ ცენტრებში, რომელთა ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაში რჩება, ნაწილიც კერძო საკუთრებაა. ასეთი კოლექტიური ჩასახლების ადგილები განთავსებულია საბავშვო ბაღებში, სანატორიუმებში, საავადმყოფოებში და სასტუმროებში. ანგარიშის თანახმად, ამ შენობების უმეტესობა არ არის გათვლილი ხანგრძლივად ცხოვრებისთვის და ”საცხოვრებელი პირობების მინიმალურ სტანდარტებსაც არ აკმაყოფილებს“.
ყოფილა შემთხვევები, როდესაც რამოდენიმე კოლექტიური ცენტრის პრივატიზაცია მომხდარა ან მათი პრივატიზაცია იგეგმება და იქ მცხოვრები დევნილები იძულებით გამოუსახლებიათ. ერთ–ერთი ბოლო ასეთი შემთხვევა გამომცემლობა ”სამშობლოსთან” მიმართებაში მოხდა. ”სამშობლოდან” გამოსახლებულ დევნილებს ზუგდიდის რაიონში შესთავაზეს ფართი. თუმცა, იმის გამო რომ იქ დასაქმების გაცილებით ნაკლები შესაძლებლობაა, დევნილები ზუგდიდის რაონში გადასვლის წინააღმდეგნი იყვნენ.
„ამჟამად, დევნილი მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მწვავე საკითხს უმუშევრობის მაღალი დონე წარმოადგენს,“ – ნათქვამია ანგარიშში, "დევნილთა შორის უმუშევრობის ზუსტი სტატისტიკა არ მოიპოვება, თუმცა როგორც ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს მათ შორის უმუშევრობის დონე უფრო მაღალია, ვიდრე დანარჩენ მოსახლეობაში“.
მთავრობის მიერ დევნილთა შესახებ 2007 წელს მიღებული სახელმწიფო სტრატეგიის და 2009 წელს მიღებული მისი სამოქმედო გეგმის თანახმად, კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილებს თავიანთი საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ. 2009 წლის ბოლოსთვის საცხოვრებელი ფართი დაახლოებით 7 000 ოჯახს დაუკანონდა, რაც კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები დევნილების დაახლოებით 65%–ს შეადგენს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ასეთი მიდგომა დევნილებისთვის ხანგრძლივი საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის კუთხით "მნიშვნელოვან გარღვევას“ წარმოადგენს.
„თუმცა ამ ეტაპზე ხანგრძლივი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა არ მოიცავს იმ 130 000 დევნილს, რომლებიც კერძო საცხოვრებლებში ცხოვრობენ [ანუ მათ ვინც ნათესავებთან, ან ქირით, ან საკუთარი სახსრებით შეძენილ ბინებში ცხოვრობენ]. ეს მაცხოვრებლები, რომელთაგან თითქმის ყველა 90–იანი წლების კონფლიქტების შედეგად გახდა დევნილი, გაურკვევლობაში არიან,“ – ნათქვამია ანგარიშში.
იძულებით გადაადგილებულთა მეორე ჯგუფს განეკუთვნება ის 26 000 ადამიანი, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად გახდნენ დევნილები, ძირითადად ცხინვალის რეგიონიდან და კოდორის ხეობიდან.
ეს ჯგუფი „ახალი დევნილების“ სახელითაა ცნობილი და მათთმა უმეტესობამ შიდა ქართლში და ქვემო ქართლში 38 ახლადაშენებულ დასახლებებში დაიდეს ბინა.
”ახალ დევნილთა” უზრუნველყოფა საცხოვრებლით ხელისუფლების მიერ სწრაფად მოხდა, რაც დონორთა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან კარგ შედეგად შეფასდა, ნათქვამია ანგარიშში.
„თუმცა, სერიოზული პრობლემები კვლავ რჩება. ამ დასახლებების უმეტესობა სოფლებში მდებარეობს, სადაც შემოსავლის მიღების შესაძლებლობები შეზღუდულია. დიდი ქალაქებიდან შორი მანძილი ასევე ართულებს ისეთი ობიექტების ხელმისაწვდომობას, როგორიცაა საავადმყოფოები, მაღაზიები, სკოლები და სამთავრობო დაწესებულებები“.
ანგარიშის თანახმად, დევნილთა მესამე ჯგუფი იმ ხალხისგან შედგება, რომლებიც შიდა ქართლიდან წამოვიდნენ აგვისტოს ომის დროს, თუმცა მოგვიანებით უკან დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. თუმცა, გალის რაიონში დაბრუნებულებისგან განსხვავებით, ამ ჯგუფის დევნილებს, რომლებიც ძირითადად სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებიდან არიან, დევნილის სტატუსი არ გააჩნიათ. ანგარიშში ნათქვამია, რომ დაბრუნებულთა უმეტესობას დახვდა განადგურებული ინფრასტრუქტურა და დაკარგული შემოსავლის წყაროები.
იმ მოსახლეობის უმეტესობამ, რომელთა სახლებიც აგვისტოს ომის დროს განადგურდა სეპარატისტული რეგიონის მიმდებარე ტერიტორიებზე, საქართველოს მთავრობისგან სახლების ასაშენებლად 15 000 აშშ დოლარის ერთჯერადი დახმარება მიიღო.
„მიუხედავად ამისა, ძალიან ცოტა სახლების რეკონსტრუქცია თუ დაიწყო. Amnesty International-ის მიერ 2009 წლის ივნისში გამოკითხულებმა განაცხადეს, რომ მათ ახალი საომარი მოქმედებების ეშინოდათ და ამიტომ იკავებდნენ თავს თავიანთი სახლების აღდგენაში ფულისა და ძალისხმევის ჩადებისგან,“ – ნათქვამია ანგარიშში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)