ახალი ამბები

სააკაშვილი შესაძლოა კოლუმბიას ეწვიოს

პრეზიდენტი სააკაშვილი 7 აგვისტოს კოლუმბიის ახლადარჩეული პრეზიდენტის  ხუან მანუელ სანტოს კალდერონის ინაუგურაციაზე ოფიციალურად მიიწვიეს, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის პრეს–სამსახური.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილობით განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული აპირებს თუ არა სააკაშვილი ბოგოტაში გამგზავრებას ინაუგურაციაზე დასასწრებად, რომელიც რუსეთთან აგვისტოს ომის მეორე წლისთავს ემთხვევა. 

პრეზიდენტის პრეს–სამსახურის უფროსმა ალანა გაგლოევამ განუცხადა Civil.ge-ს განცხადების გამოქვეყნებიდან რამოდენიმე საათში, რომ მის ხელთ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით პრეზიდენტი კოლუმბიაში გამგზავრებას აპირებს.

სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი „აუცილებლად უნდა წავიდეს კოლუმბიაში,“ რადგანაც ლათინური ამერიკა მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის „როგორც მინიმუმ [სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის]  არაღიარების საქმეში“. 

„ეს არის შესაძლებლობა ურთიერთობისა სხვა პრეზიდენტებთან, რომლებიც ასევე იქნებიან ჩასული,“ – განაცხადა იაკობაშვილმა.

„კოლუმბია, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო და ამერიკის მოკავშირე სახელმწიფო ლათინურ ამერიკაში, ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო პარტნიორია, და ვფიქრობ მასთან ურთიერთობის გაღრმავება და განვითარება ძალიან სასურველი და საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ. 

პრეზიდენტი სააკაშვილი მაისის დასაწყისში კოსტა-რიკას სტუმრობდა, სადაც  პრეზიდენტ ლაურა ჩინჩილას ინაუგურაციას დაესწრო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button