
PACE–ს მომხსენებლები საქართველოს სტუმრობენ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მომხსენებლები კასტრიო ისლამი და მაიკლ იენსენი 12–15 ივლისს საქართველოს სტუმრობენ.
დანიელი დეპუტატი მაიკლ იენსენი ახალი თანამომხსენებელია საქართველოს საკითხებზე, რომელმაც ამ პოსტზე მათიას ეორში შეცვალა.
ვიზიტის ფარგლებში ისინი პრეზიდენტ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს, იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდებიან.
"საუბარი შეეხება სასამართლო სისტემაში რეფორმების განხორციელებას, ადამიანის უფლებათა დაცვას, დეცენტრალიზაციას და ადგილობრივ თვითმმართველობას, მედია პლურალიზმს და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას,“ – ნათქვამია PACE–ს პრეს–რელიზში.
ამავე ინფორმაციით, თანამომხსენებლები ასევე შეხვდებიან საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციას, მედიის და ადამიანის უფლებათა და ანტიკორუფციულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
წინა ანალოგიური ვიზიტი (რომლის დროსაც მათიას ეორში ჯერ კიდევ მსახურობდა ამ პოსტზე) 2010 წლის მარტის ბოლოს შედგა. ვიზიტის შემდეგ მომზადებულ ანგარიშში PACE–ს მომხსენებლებმა განაცხადეს, რომ "საქართველოს მოდერნიზაციის და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული რეფორმები და პოლიტიკა შეუფერხებლად მიმდინარეობს“.
"თუმცა, გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ დემოკრატიული რეფორმები ფართო პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე უნდა ვითარდებოდეს და დომინანტური პოლიტიკური ძალის მიერ არ უნდა იყოს თავს მოხვეული,“ – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ ისინი შეშფოთებული არიან სამაუწყებლო მედიაზე ხელისუფლების კონტროლის და მაუწყებელთა მფლობელობის საკითხის გაუმჭირვალობის გამო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)