ახალი ამბები

ტელევიზიებს ჯამში, დაახლოებით, 36 მლნ ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ

პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო მაუწყებელთა საგადასახადო ამნისტირების შესახებ ინიციატივა, რომელიც ნაციონალური და რეგიონალური ტელევიზიების მიერ 1 მარტამდე დაგროვილი, დაახლოებით 36 მლნ ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ითვალისწინებს.

თავდაპირველად საგადასახადო კოდექსში ეს ცვლილებები ითვალისწინებდა დავალიანების იმ ოდენობით ჩამოწერას, რომელიც კანონის ამოქმედების მომენტისთვის ექნებოდათ ტელევიზიებს დაგროვილი. თუმცა ეს დებულება ფიქსირებული ვადით შეიცვალა.

ტელევიზიებისთვის, დაახლოებით, 36 მლნ ლარის შეღავათის გაწევა, ხელისუფლების თქმით, ერთჯერადი ხასიათის აქტია. თუმცა  რომელ და რამდენ ტელეკომპანიას რა კონკრეტული თანხა ჩამოეწერება კანონპროექტში არ არის მითითებული იმ მოტივით, რომ ეს ინფორმაცია ”საგადასახადო საიდუმლოებას” წარმოადგენს.

დამოუკიდებელი კვლევის თანახმად, რომელიც ფონდ „ღია საზოგადოება –საქართველოს“ ორგანიზებული დისკუსიის ფარგლებში გაჟღერდა, გაირკვა, რომ რეგიონულ ტელევიზიების ჯამური დავალიანება სახელმწიფოს მიმართ 2 მლნ ლარს არ აღემატება, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის დავალიანება, თავად ტელევიზიის ფინანსური მენეჯერის ინფორმაციით, დაახლოებით, 9 მლნ ლარია.

უცნობია რა წილი აქვთ ტელეკომპანიებს "რუსთავი–2“–სა და "იმედს“, დაახლოებით, 25 მლნ ლარის ოდენობით დარჩენილ დავალიანებაში.

"მაესტროსა“ და თბილისში მაუწყებელი "კავკასიის“ განცხადებით, მათ ბიუჯეტის მიმართ არანაირი დავალიანება არ გააჩნიათ.

ქართული რეგიონული ტელევიზიების საგადასახადო ამნისტიის შესახებ ინიციატივით, პრეზიდენტი სააკაშვილი 26 თებერვალს, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს გამოვიდა. თუმცა, მოგვიანებით საანგარიშო მოხსენების ტექსტში, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, უკვე ”ყველა ქართულ ტელევიზიაზე” იყო საუბარი. ”იქნება ეს რეგიონალური თუ ნაციონალური, გამოვუცხადოთ საგადასახადო ამნისტია, რათა მათ უფრო თამამად შეეძლოთ განვითარება. ხოლო მათი მეშვეობით, ვითარდებოდეს ქართული დემოკრატია და პოლიტიკური კულტურა,“ – ნათქვამი იყო ტექსტში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button