ახალი ამბები

რუსულ-ქართული კომპანიის გენერალური დირექტორი დააკავეს

რუსულ-ქართული კომპანიის ”ენერჯი ინვესტის" გენერალური დირექტორი გენადი მალაზონია დაკავებულია. იგი ეჭვმიტანილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების დამალვაში, განაცხადა მთავარმა პროკურატურამ 20 მაისს.

მალაზონია, რომელიც 19 მაისს დააკავეს, ასევე ეჭვმიტანილია უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში, თაღლითობასა და ხელმძღვანელობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ”რის შედეგადაც სახელმწიფოს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზარალი მიადგა,” – განაცხადა მთავარმა პროკურატურამ.

საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია ”ენერჯი ინვესტი” რუსთავის ”აზოტის” და გარდაბნის 110 მეგავატი სიმძლავრის გაზოტურბინის მფლობელია, რომელიც რუსულ ”ვნეშტორგბანკთან” ერთობლივი საწარმოა. გავრცელებული ინფორმაციით, ”ენერჯი ინვესტის” აქციების უმეტესობის მფლობელები რუსული კომპანიები ”ინტერგაზინვესტი” და ”ინტერინვესტი” არიან.

2004 წელს ”ენერჯი ინვესტში” მისვლამდე მალაზონია 1999 წლიდან სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ, ანტი-მონოპოლიური სამსახურის უფროსად და ფინანსთა და განათლების მინისტრების მოადგილეებად. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button