
რეგისტრაციიდან მოხსნილი 12 ათასზე მეტი ამომრჩეველი ხმას ვერ მისცემს
12 539 ადამიანიდან, რომლებიც ამჟამად არსად არ არიან რეგისტრირებულნი, მხოლოდ 171 ამომრჩეველი შეძლებს 30 მაისის არჩევნებზე ხმის მიცემას, რადგან მათ ამ უფლების გამოსაყენებლად დადგენილ ვადაში – 14 მაისამდე წინასწარი რეგისტრაცია გაიარეს საოლქო საარჩევნო კომისიებში.
ცესკოს ცნობით, 171 ადამიანი ძირითადად თბილისიდანაა. მათ ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ მხოლოდ პროპორციულ და ასევე მერის არჩევნებში – და არა მაჟორიტარულ არჩევნებში – იმ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, სადაც ისინი ბოლოს იყვნენ ჩაწერილები.
ეს ის პირები არიან, რომლებიც რეგისტრაციიდან ბინის მესაკუთრეთა განცხადების საფუძველზე იქნენ მოხსნილნი მას შემდეგ, რაც მესაკუთრეებმა აღმოაჩინეს, რომ მათთვის უცნობი პირი ან პირები მათი ნებართვის გარეშე იყვნენ ბინებში ჩაწერილები.
ცესკოს განცხადებით, 12 368 პირი, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად არ მიმართეს კომისიებს, საარჩევნო სიებიდან ამოღებული იქნებიან.