ახალი ამბები

პოლონეთის ექსპრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს

პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრე კვასნევსკი თბილისში ვიზიტის ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება.

იგი უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილს.

იაკობაშვილის თქმით, ეს ვიზიტი ”მეგობრულია”, თუმცა ის ასევე მნიშვნელოვანია პრაქტიკული თვალსაზრისითაც, რათა ექსპრეზიდენტმა ”შეძლოს საქართველოს შესახებ სწორი ინფორმაციის გატანა”.

კვასნევსკი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და მასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს თბილისის ”ევროპის სახლში” დაგეგმილ დისკუსიაში.

ალექსანდრე კვასნევსი პოლონეთს 1995-2005  წლებში მეთაურობდა. მან  შუამავლის როლი შეასრულა 2004 წლის უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუციის მშვიდობიანად დარეგულირების საქმეში.

Back to top button