ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ცხინვალის მიერ სამი ქართველის გათავისუფლებას მიესალმება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმა ცხინვალის მიერ სამი ქართველის გათავისუფლებას და იმედი გამოთქვა, რომ ეს ნაბიჯი იქნება ცხინვალში მყოფი ყველა დაკავებულის გათავისუფლების მომასწავლებელი.

”მისია იმედოვნებს, რომ ეს არის დასაწყისი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ სხვადასხვა ადმინისტრაციული მიზეზის გამო ყველა დაკავებულის განთავისუფლებისა,” – ნათქვამია ევროპელი დამკვირვებლების მიერ 13 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

”ეს ნაბიჯი უკვე გადაიდგა საქართველოს ხელისუფლების მიერ,” – აღნიშნულია განცხადებაში.

ცხინვალში 2 მაისს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან თომას ჰამერბერგთან მოლაპარაკებების შემდეგ სამხრეთ ოსურმა მხარემ შერშან დაკავებული სამი ქართველი გაათავისუფლა  და კიდევ სამის უახლოეს მომავალში გათავისუფლების პირობა დადო, რაც 13 მაისს შესრულდა.

”მომავალში ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს ადმინისტრაციული საზღვრის არაგანზრახ გადაკვეთის შემთხვევაში დაკავების არ უნდა ეშინოდეს,” – აცხადებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button