ახალი ამბები

სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ხელმძღვანელი ცხინვალშია

სახალხო მართმადიდებულური მოძრაობის ხელმძღვანელმა მალხაზ გულაშვილმა განაცხადა, რომ ის იძულებული იყო ცხინვალში ჩასულიყო და ამის მიზეზად მის ოჯახზე ზეწოლა დაასახელა.

გასულ კვირაში ტელეკომპანია ”კავკასიაში” მომხდარი ჩხუბის გამო ამ ორგანიზაციის რამოდენიმე აქტივისტი დააპატიმრეს.   

11 მაისს გულაშვილმა სხვადასხვა ქართულ მედია საშუალებებს ცხინვალიდან ტელეფონით განუცხადა, რომ მას შემდეგ მოუხდა თბილისიდან წასვლა, რაც მის მოზარდ შვილს ”გაუპატიურება დაუპირეს”.

”მე პირდაპირ ვადანაშაულებ ამაში თავისუფლების ინსტიტუტს; ისინი არიან ყველაფერზე პასუხისმგებელი,” – განუცხადა გულაშვილმა ”რუსთავი 2”-ს.

სახალხო მართლმადიდებლურმა მოძრაობამ გასულ კვირას თავისუფლების ინსტიტუტის აკრძალვა მოითხოვა. ორგანიზაციის თქმით, თავისუფლების ინსტიტუტი არის პასუხისმგებელი ”ანტი-რელიგიური”, ”მკრეხელური” და ”ანტი-მართლმადიდებლური” იდეოლოგიის გავრცელებაზე, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საშუალებით. გასულ კვირას ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტში რამდენიმე შეკრება გაიმართა, რომლის დროსაც რადიკალური მართლმადიდებელი ჯგუფების წევრები და მხარდამჭერები იმ მომიტინგეთა ჯგუფს დაესხნენ თავს, რომლებიც ”ფაშისტური” მოძრაობების წინააღმდეგ და გამოხატვის თავისუფლების მხარდამჭერ აქციას მართავდნენ.

გულაშვილმა ასევე განაცხადა 11 მაისს, რომ გასულ კვირას ”კავკასიაში” მომხდარი ინციდენტი თავად ტელეკომპანიის მიერ იყო პროვოცირებული. ”ტელეკომპანია კავკასია დიდი ხანია გადაიქცა შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებად და თავისუფლების ინსტიტუტის დანამატად,” – განაცხადა გულაშვილმა, რომელიც ასევე მედია ჰოლდინგის Georgian Times მფლობელია.

მან ასევე განაცხადა: ”როგორც კი ბავშვს დავაბინავებ და დამშვიდდება სიტუაცია იმწუთშივე ჩამოვალ თბილისში… სავარაუდოდ, ვენაში წავიყვან ბავშვს”.

გულაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მას მისმა წყარომ აცნობა, რომ პოლიცია მის დაპატიმრებას გეგმავდა ”კავკასიაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. გულაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button