
პატრიარქმა დეკანოზი დავით ისაკაძე დააჯილდოვა
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, 9 მაისს სვეტიცხოვლის ტაძარში საღვთო ლიტურგიის და ქადაგების შემდეგ, ორი სასულიერო პირი დააჯილდოვა, მათ შორის დეკანოზი დავით ისაკაძე.
”დეკანოზი დავით ისაკაძე, რომელიც მოღვაწეობს ჩვენი ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ, დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრით და მიტრის ტარების უფლებით,” – განაცხადა ილია II-მ.
დეკანოზი დავით ისაკაძე რადიკალურად განწყობილი მართლმადიდებლური ჯგუფების, მათ შორის ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” მიერ ორგანიზებულ აქციებზე ხშირად ფიგურირებს. ის იმ რამოდენიმე სასულიერო პირს შორის იყო, რომლებიც 7 მაისს ტელეკომპანია ”კავკასიის” გადაცემა ”ბარიერის” პირდაპირი ეთერის დროს სტუდიაში შევიდნენ და ტელეკომპანიის ხელმძღვანელები იმ ჩხუბის პროვოცირებაში დაადანაშაულეს, რომელსაც რამოდენიმე წუთით ადრე სტუდიის გარეთ ქონდა ადგილი და რომლის გამოწვევაშიც ”კავკასიამ” ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრებს დასდო ბრალი.