ახალი ამბები

მედვედევმა ”საქართველოს მოქალაქეებს” ფაშიზმზე გამარჯვების 65 წლისთავი მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საქართველოს მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების 65 წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ ”რუსულ–ქართული მეგობრობის დანგრევის ნებისმიერი მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული”.

”საქართველოს მოქალაქეებისადმი” მიმართვაში, რომელიც კრემლის ვებ-გვერდზე 8 მაისს გამოქვეყნდა, ასევე ნათქვამია, რომ ფაშიზმის წინააღმდეგ ”მხარდამხარ” ბრძოლას განსაკუთრებული ადგილი უკავია ”რუსი და ქართველის ხალხების საერთო, მრავალსაუკუნოვან ისტორიაში”.

”მათი მაგალითი მოგვიწოდებს გავუფრთხილდეთ და გავამრავლოთ მეგობრობის, კეთილმეზობლობის და ურთიერთდახმარების ტრადიციები,”- ნათქვამია მედვედევის მიმართვაში, ”ეს მოწოდება დღეს პოულობს გამოძახილს რუსეთის და საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის გულებში”.

”შემთხვევითი არ არის, რომ აღშფოთების ტალღა გამოიწვია თბილისის ამჟამინდელი მმართველების მკრეხელურმა ქმედებამ, რომელთაც ახლახანს ქუთაისში გაანადგურეს დიდი სამამულო ომში დაცემულ გმირთა მემორიალი. დარწმუნებული ვარ, რომ რუსულ–ქართული მეგობრობის დანგრევის ნებისმიერი მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული. ისევე, როგორც ქუთაისის მემორიალი აღდგება, ასევე აღდგება ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილი, ღია და კონსტრუქციული ურთიერთობები, დამყარებული მყარი კულტურული, სულიერი და ისტორიული კავშირების ურყევ საფუძველზე. სხვაგვარად ვერც იქნება!”- ნათქვამია მიმართვაში.

მედვედევმა ცალ-ცალკე მიმართვები გააგზავნა ასევე 9 მაისის გამარჯვების დღის მისალოცად სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერების სერგეი ბაღაფშისა და ედუარდ კოკოითის სახელზე.

 

Back to top button