ახალი ამბები

რვა ადამიანია დაკავებული ტელეკომპანია ”კავკასიაში” მომხდარი ინციდენტის გამო

რვა ადამიანი დააკავეს სამართალდამცავმა ორგანოებმა 7 მაისს, ტელეკომპანია ”კავკასიაში” მომხდარი ინციდენტის შემდეგ.

”გამოძიებით დადგინდა, რომ ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში მოწვეულმა ცალკეულმა პირებმა გარეთ მყოფ მათ მხარდამჭერებთან წინასწარი შეთანხმებით, გამიზნულად ჩაშალეს გადაცემა ”ბარიერი”. მათ განზრახული ჰქონდათ, ძალადობით, ძალადობის მუქარით ხელი შეეშალათ ჟურნალისტებისათვის მათთვის არასასურველი ინფორმაციის გავრცელებაში, რაც შემდგომ მათი მხრიდან ხულიგნურ ქმედებაში გადაიზარდა. შედეგად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის დამფუძნებელს დავით აქუბარდიას და ტელეკომპანიის სხვა თანამშრომლებს,”- განაცხადა მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა 8 მაისს.

ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში პარასკევს ღამით რადიკალურად განწყობილი მართლმადიდებლური ჯგუფების ლიდერებსა და მათ ოპონენტებს შორის მიმდინარე დებატები ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა როგორც ტელეკომპანიის გარეთ, ასევე მის სტუდიაში.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ახალგაზრდა მამაკაცებმა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გადაცემა ”ბარიერის” ზოგიერთ სტუმარს და ასევე ტელეკომპანიის რიგ თანამშრომლებს. მოგვიანებით, ადგილზე პოლიციაც მივიდა.

სახალხო მართმადიდებულური მოძრაობის ხელმძღვანელმა მალხაზ გულაშვილმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა გუშინდელ დებატებში, დაკავებულების განთავისუფლების მოთხოვნით 8 მაისს მოძრაობის წევრებთან ერთად თბილისის პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქცია გამართა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button