ახალი ამბები

ძიძიგურთან დაკავშირებულ ინციდენტზე წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს

პროკურატურამ განაცხადა, რომ დაიწყო საქმის წინასწარი გამოძიება იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც, როგორც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ირწმუნებიან, მათ ეროვნული საბჭოს თბილისის მერობის კანდიდატმა და კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მთავარი პროკურატურის იურიდიული სამსახურის უფროსმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა 7 მაისს, რომ წინასწარი გამოძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.

ტელეკომპანიებმა ”რუსთავი 2”-მა და ”იმედმა” პარასკევს დილით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გასულ ღამით ზვიად ძიძიგურმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის რამოდენიმე აქტივისტს, როდესაც ისინი მისი სახლის წინ მმართველი პარტიის სააგიტაციო პლაკატებს აკრავდნენ. ერთ-ერთმა აქტივისტმა განუცხადა ტელევიზიებს, ”სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ” ძიძიგურმა იარაღიდან ოთხჯერ თუ ხუთჯერ გაისროლა.

ძვიად ძიძიგურმა დაადასტურა, რომ ინციდენტი მართლაც მოხდა, თუმცა მისი თქმით, თავდასხმა მასზე განხორციელდა.

”მათ დაიწყეს ჩემზე ფიზიკური ზეწოლის განხორციელება, დავიხიე უკან სანამ შეიძლებოდა, ჩემი სახლის ჭიშკრამდე. იმის იქით მე აღარასოდეს დავიხევ უკან, ყველამ იცოდეს. შემდეგ ამოვიღე იარაღი და გავისროლე ჰაერში რამდენიმეჯერ, სამჯერ, იმისათვის, რომ განმემუხტა ეს მდგომარეობა,” – განაცხადა ძიძიგურმა. 

მოქმედმა მერმა და მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ განაცხადა დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომ იგი შეშფოთებულია ”მერობის ერთ-ერთი კანდიდატისა და მისი მხარდამჭერების მხრიდან ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებზე თავდასხმის ფაქტის” გამო.

”საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მსგავს ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს,” – აღნიშნა უგულავამ განცხადებაში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button