ახალი ამბები

სოხუმი და ცხინვალი ადამიანის უფლებათა მისიებზე უარს აცხადებენ

ცხინვალმა და სოხუმმა 4 მაისს უარი განაცხადეს თბილისის შემოთავაზების განხილვაზე, რომელიც ითვალისწინებდა სეპარატისტულ რეგიონებში საერთაშორისო მისიების შექმნას ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარების მონიტორინგის მიზნით.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა 3 მაისს თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან თომას ჰამარბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქართული მხარე ადამიანის უფლებათა მისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, თუნდაც ევროპის საბჭოს ეგიდით, სეპარატისტულ რეგიონებში ადამიანის უფლებებათა დარღვებების ”მონიტორინგის და მათზე რეაგირების” მიზნით.

”სწორედ საქართველოს და არა აფხაზეთს სჭირდება ასეთი ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საერთაშორისო მისიები,” – იტყობინება ”აფსნიპრესი” სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მაქსიმ ღვინჯიას სიტყვებზე დაყრდნობით 4 მაისს.

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა საკითხებში დავით სანაკოევმა განაცხადა, რომ თბილისი არ უნდა ღებულობდეს გადაწყვეტილებებს ცხინვალში მისიების და ინსტიტუტების გახსნის თაობაზე.    

თბილისი აგვისტოს ომამდე ითხოვდა გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის გახსნას გალში. ანალოგიური  ოფისი სოხუმში ფუნქციონირებდა.

მართალია ამგვარი ოფისი გალში ვერ გაიხსნა, 2007 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა სოხუმის ოფისმა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ოფიცერი დანიშნა გალის რაიონში. გაერომ თავისი მისია აფხაზეთში 2008 წლის აგვისტოს ომიდან დაახლოებით ერთ წელიწადში დახურა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button