ახალი ამბები

აშშ მიესალმა საქართველოს მიერ ურანის ამოღების ფაქტს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ფილიპ კროულიმ 22 აპრილს განაცხადა, რომ ვაშინგტონი საქართველოს მიმართ ”მადლიერებას” გამოხატავს იმ ღონისძიებების გატარებისთვის, რომლის მეშვეობითაც მაღალგამდიდრებული ურანის კონტრაბანდის აღკვეთა მოხდა.

ინფორმაცია ”მცირე რაოდენობის” მაღალგამდიდრებული ურანის კონტრაბანდის აღკვეთის შესახებ საქართველომ 13 აპრილს ვაშინგტონში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე გაავრცელა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მარტში უცხოელ მოქალაქეთა ჯგუფი დააკავა, თუმცა სამინისტროს საქმის დეტალები არ გაუხმაურებია.

საქართველოს ხელისუფლების თქმით, მან ბოლო ათი წლის მანძილზე გამდიდრებული ურანის კონტრაბანდის რვა შემთხვევა აღკვეთა.

Associated Press-სთან ინტერვიუში პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიანიშნა, რომ საშიში ნივთიერება საქართველოს ერთ-ერთი სეპარატისტული რეგიონიდან შემოჰქონდათ, რადგანაც ეს რეგიონები რუსეთის კონტროლის ქვეშ ყოფნისას შავ ხვრელებად იქცა. ამგვარი ნივთიერებები, ძირითადად ”რუსეთის მიმართულებიდან მოდის,” განუცხადა სააკაშვილმა Associated Press-ს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ამ ბრალდებას ”ტყუილი” უწოდა.

”ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ იმ მცდელობების გამო, რომელიც საქართველომ განახორციელა არა მხოლოდ ბოლო პერიოდში, არამედ რომელსაც ის ახორციელებს საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, ხელს უშლის რა საშიშ ნივთიერებათა გადინებას რეგიონიდან,” – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ.

”სწორედ ამის გამო იქნა საქართველო მოწვეული ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე, რადგანაც საქართველომ გამოავლინეს როგორც პასუხისმგებლობა, ისე უნარი ხელი შეუშალოს საშიში ნივთიერებების იმ ხალხის ხელში მოხვედრას, რომელთაც ისინი არ უნდა ჰქონდეთ… ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, რათა დავხმარებოდით მათი სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებაში… მაგრამ ჩვენ კიდევ შევისწავლით, თუ კიდევ რა საჭიროებები აქვს საქართველოს,” – დასძინა მან.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button