ახალი ამბები

შსს: უცხოელ მოქალაქეთა ჯგუფს მაღალგამდიდრებული ურანი აღმოაჩნდათ

მარტში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხოელ მოქალაქეთა ჯგუფი დააკავა, რომელთაც ”მცირე რაოდენობით მაღალგამდიდრებული ურანი აღმოაჩნდათ”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 14 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

მოკლე განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამოღებული რადიოაქტიური ნივთიერება უსაფრთხო ადგილას არის შენახული და საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება

”ქართულმა მხარემ აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე შეატყობინა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს. დამატებითი ინფორმაცია გამოძიების დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება,”- აცხადებს შსს.

საქმის დეტალებზე კომენტარს, მათ შორის იმაზე თუ კონკრეტულად რა რაოდენობით გამდიდრებული ურანი იქნა ამოღებული და რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან დაკავებული, შსს-ში არ აკეთებენ.

შსს-მ ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც 13 აპრილს ვაშინგტონში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველომ მაღალგამდიდრებული ურანის კონტრაბანდის ათი შემთხვევა აღკვეთა, რომელთაგან ბოლო 2010 წლის მარტში მოხდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button