ახალი ამბები

თბილისის განცხადებით, რუსეთი ყირგიზეთში ”უხეშად ერევა”

საქართველოს ხელისუფლება ”დიდი შეშფოთებით” უყურებს ყირგიზეთში განვითარებულ მოვლენებს, განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 8 აპრილს.

”საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მხოლოდ ყირგიზი ხალხის გადასაწყვეტია ვინ უნდა იყოს ყირგიზეთის მთავრობაში,”- განაცხადა მან, ”სრულიად აშკარაა და უარყოფის მიუხედავად, ყველა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთი უხეშად ერევა ყირგიზეთის შიდა საქმეებში და ცდილობს ითამაშოს გეოპოლიტიკური თამაშები ყირგიზი ხალიხის ხარჯზე.”

”ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, მათ შორის, იმ ადამინებს, ვინც დედაქალაქს აკონტროლებს, არ გამოაყენებინონ გარე ძალებს თავი ხალხისა და ქვეყნის ფუძემდებლური ინტერესების საწინააღმდეგოდ,” – განაცხადა მანჯგალაძემ.

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი პირველი ლიდერი იყო, რომელმაც ყირგიზეთის ოპოზიციის ლიდერს როზა ოტუნბაევას დაურეკა და დახმარებას დაპირდა. ოტუნბაევა დროებით მთავრობას ხელმძღვანელობს, რომელმაც გამოაცხადა, რომ ხელისუფლებას ის აკონტროლებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა ბიშკეკი დატოვა.

რუსეთის საკითხებში პრეზიდენტ ობამას მრჩეველმა, მაიკლ მაკფოულმა პრაღაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის რაც ყირგიზეთში მოხდა, არ იყო რუსეთის მხარდაჭერილი გადატრიალება.

”ის ხალხი, რომლებიც, სავარაუდოდ, ახლა მართავენ ყირგიზეთს – და მე ამ სიტყვას [სავარაუდოდ] ხაზს ვუსვამ, რადგან ჯერ მკაფიოდ ნათელი არ არის თუ ვინ აკონტროლებს სიტუაციას – ყველა ამ ხალხთან ჩვენ წლების განმავლობაში გვქონდა კავშირი,” – განაცხადა 8 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.

”ეს არ არის ანტი-ამერიკული გადატრიალება. ეს ჩვენ ზუსტად ვიცით. და ეს არ არის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალება. მე მოვისმინე მსგავსი ცნობები, მაგრამ ჯერ არ მოიპოვება ამის მტკიცებულება,” – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button