
ეროვნული საბჭოს აქტივისტები გაათავისუფლეს
ეროვნული საბჭოს ცნობით, პოლიციამ მათი რვა წარმომადგენელი, მათ შორის ხალხის პარტიის პოლიტიკური მდივანი, ყოფილი დეპუტატი ალექსანდრე შალამბერიძე დააკავა დღეს დიღომში გზის გადაკეტვის გამო მომხდარი შეხლა-შემოხლის დროს.
გავრცელებული ინფორმაციით, შალამბერიძე ”სიტყვიერი გაფრთხილების” შემდეგ გაათავისუფლეს. დანარჩენი შვიდი პიროვნება კი თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო და 400-400 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების შემდეგ გაათავისუფლა.
დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე ეროვნული საბჭოს ლიდერები – ზურაბ ნოღაიდელი, ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი – აქტივისტებთან ერთად სტამბა ”თბილისელებში” მათი წინასაარჩევნო დოკუმენტაციის გამოსატანად მივიდნენ, სადაც სტამბა დალუქული დახვდათ.
სტამბაში შესვლის უშედეგო მცდელობის შემდეგ ეროვნული საბჭოს ლიდერებმა და აქტივისტებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს, რასაც პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
”კიდევ წავალთ ასეთ ექსცესებზე აუცილებლად,”- განუცხადა ჟურნალისტებს კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა, ”ჩვენი მხრიდან არის კანონიერი მოთხოვნა, რომ სტამბებს მისცენ მუშაობის საშუალება და დაგვიბრუნონ ჩვენი სააგიტაციო მასალა”.
ეროვნული საბჭოს ლიდერებმა დაკავებულთა გათავისუფლება მოითხოვეს. კობა დავითაშვილმა მომხდარს ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების ”ღია პოლიტიკური დევნა” უწოდა.
”ეს არ არის არჩევნები გეგმების, პროგრამების და მოქმედებების, ეს არის არჩევნები შიშის. ჩვენ ვერავინ ვერ შეგვაშინებს – ამათ დავანგრევთ და დავშლით,”- განაცხადა მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა.
”ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ, რომ ეს ხელისუფლება დავშალოთ და საქართველოს გაერთიანების და განვითარების შანსი დავუბრუნოთ,”- დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)