ახალი ამბები

მეორე არხის მემორანდუმს დამატებით ოთხი პარტია შეუერთდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი სულ 17 პოლიტიკურ პარტიას გააშუქებს სრულყოფილად მას შემდეგ, რაც პოლიტიკური არხის ჩამოყალიბების თაობაზე გაფორმებულ მემორანდუმს 1 აპრილს შეუერთდა კიდევ ოთხი პარტია  – რესპუბლიკელები, ახალი მემარჯვენეები, მრეწველები და საქართველოს გზა.

ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის  წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა დღეს გამართულ  ბრიფინგზე განაცხადა. 

მეორე არხის პოლიტიკურ არხად ფორმირების შესახებ მემორანდუმი აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის აქტიური მონაწილეობით პარლამენტსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის 23 თებერვალს გაფორმდა, ცამეტმა პოლიტიკურმა პარტიამ კი მას ხელი 22 თებერვალს მოაწერა. 

მემორანდუმი უზრუნველყოფს პარლამენტის პლენარული სხდომებისა და მნიშვნელოვანი საკომიტეტო განხილვების მეორე არხის პირდაპირ ეთერში გაშვებას, ასევე ხელმოწერილი პარტიების პრესკოფერენციების ჩანაწერების გადაცემას და ამ პარტიებისთვის თანმიმდევრობით, ყოველდღიურად  პირდაპირი ეთერის  რეჟიმში  ერთსაათიანი საეთერო დროის გამოყოფას. 

არხი აშუქებს ასევე ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს; ეროვნული ფორუმისა, ლეიბორისტული პარტიის პრესკონფერენციებს, თუმცა ეს პარტიები არ არიან მემორანდუმის ხელმომწერები.  

Back to top button