
თბილისი ცხინვალის რეგიონში ვერტოდრომების აშენების რუსულ გეგმებს გმობს
საქართველომ დაგმო მოსკოვის გეგმები სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ორი ვერტოდრომის აშენების თაობაზე და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას ”გადამჭრელი ზომები მიიღოს” რეგიონის შემდგომი მილიტარიზაციის შესაჩერებლად.
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ჯავასა და ახალგორში – ვერტოდრომების სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე ღია აუქციონის ჩატარების შესახებ.
”საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მტკიცე პროტესტს რუსეთის დესტრუქციული ქმედებების გამო და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მიიღოს გადამჭრელი ზომები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის, საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისა და მისი განუყოფელი ნაწილების ოკუპაციისა და ანექსიის აღკვეთის მიზნით,” – განაცხადა საგარეო უწყებამ 31 მარტს.
”ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპებისა და ნორმების და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმების უხეშ დარღვევას,” – ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ”სამხედრო ვერტმფრენების უკონტროლო ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში საფრთხეს უქმნის საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებას”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)