skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების წინააღმდეგ კოორდინირებულ მოქმედებებზე შეთანხმდა

ლეიბორისტული პარტიის ორგანიზებით დღეს ოპოზიციური ძალების ერთი ნაწილის შეხვედრა გაიმართა, სადაც ”იმედის” იმიტირებული რეპორტაჟის შესახებ იმსჯელეს და ხელისუფლების შეცვლის მიზნით კოორდინირებულ მოქმედებებზე შეთანხმდნენ.

შეხვედრის მონაწილე ოპოზიციურ ძალებს შორის იყვნენ დაიცავი საქართველოს წარმომადგენლები, მათ შორის ლევან გაჩეჩილაძე და გოგა ხაინდრავა; დემოკრატიული-მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე; მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი; კონსერვატორების; ხალხის პარტიის; ქართული დასის და მრეწველების წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეკა ბესელია და კოკა გუნცაძე. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ შეხვედრას კერძო პირის სტატუსით და არა ალიანსი საქართველოსთვის სახელით დაესწრო.

ალიანსი საქართველოსთვის, საქართველოს გზისა და ეროვნული ფორუმის წარმომადგენლები შეხვედრას არ დასწრებიან იმ მოტივით, რომ მათთვის მიუღებელია ზურაბ ნოღაიდელთან ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობა.  შეხვედრაზე არ მივიდნენ ასევე ქრისტიან-დემოკრატები საპარლამენტო უმცირესობიდან.

ლეიბორისტების ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს მიმართვა საქართველოს მოსახლეობისა და მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოებისადმი, სადაც ”დაყენებულია მოთხოვნა ხელისუფლების რაც შეიძლება სწრაფი შეცვლის აუცილებლობაზე”.

”ამ მიზნით ჩვენ ვთხოვთ დემოკრატიული სახელმწიფოების მეგობარ ლიდერებს და პოლიტიკურ ძალებს მოიწვიონ საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს საკითხზე, სადაც განხილული იქნება: 1. ჩვენ ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმის დამთავრებისა და დემოკრატიის აღდგენის საკითხი, 2. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი,”- განაცხადა მან.

იმავდროულად, შეიქმნა ”სამუშაო ჯგუფი” გოგა ხაინდრავას ხელმძღვანელობით, რომელიც მოამზადებს ერთობლივ სამოქმედო გეგმას ”მწვავე და მძიმე ბრძოლისთვის”.

This post is also available in: English Русский

Back to top button