ახალი ამბები

ბრიტანეთის ელჩი ”იმედის” გამოგონილ სიუჟეტში მის ჩართვას აპროტესტებს

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი დენის კიფი პროტესტს გამოთქვამს ”იმედის” გამოგონილ სიუჟეტში ვითომდა მისი განცხადების გამოყენების გამო, რაც მისი თქმით, ელჩის ”უპატივცემულობაა” და აღნიშნული ”ცუდად აისახება მედიის თვალსაზრისით საქართველოს რეპუტაციაზე”.

”იმედის” იმიტირებულ ”ქრონიკაში” საქართველოში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და ჩეხეთის ელჩები ვითომდა რუსული ინტერვენციის ირგვლივ საქართველოს საგარეო უწყებაში ჩატარებული თათბირის შემდეგ მედიასთან კომენტარებს აკეთებენ. ასევე გამოგონილ სიუჟეტში ნაჩვენებია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი, რომელიც თითქოსდა პრეზიდენტ სააკაშვილს ტელეფონით ესაუბრა, სადაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა და რუსეთს სამხედრო აგრესიისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.  

”ტელეკომპანია იმედის მიერ გამოყენებული სიუჟეტი, სადაც მე სრულიად სხვა კონტექსტში ვსაუბრობ და რომელიც არანაირად არ ეხება 13 მარტის პროგრამაში ასახულ მოვლენებს, მეტად დამაბნეველია, ისევე როგორც ის სიუჟეტი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი საუბრობენ არარსებულ მოვლენებზე,”- განაცხადა დენის კიფმა 16 მარტს გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში.

”მინდა განვმარტო, რომ არც მე და არც ბრიტანეთის მთავრობას არანაირი კავშირი არ გვქონია ამ უპასუხისმგებლო  პროგრამასთან, რამაც დიდი შეშფოთება გამოიწვია საქართველოს მოსახლეობაში. მე ვთვლი, რომ იმედის ტელევიზიის მიერ გამოყენებული სიუჟეტი ჩემს მიმართ, როგორც ბრიტანეთის ელჩის მიმართ საქართველოში,  უპატივცემულობაა. აღნიშნული ცუდად აისახება მედიის თვალსაზრისით საქართველოს რეპუტაციაზე,”- ნათქვამია მის განცხადებაში.

ელჩმა ასევე განაცხადა, რომ მადლობელი იქნება, თუ ტელეკომპანია ”იმედი” რაც შეიძლება სწრაფად გამოაცხადებს ეთერში, რომ ”ეს სიუჟეტი არ შეესაბამებოდა სიმართლეს, მის შესახებ ინფორმირებული არ ვყოფილვარ და იგი გამოიყენეთ ჩემი თანხმობის გარეშე”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button